გიორგი ფოფხაძე: „მიშა ქარელი დასაჭერია“

შიდა ქართლის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ ქარელს სერიოზულად არავინ აღიქვამს. არადა ამ არასერიოზული კაცის ჩვენების საფუძველზე ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი შეიძლება, რამდენიმე წლით გამოკეტონ ციხეში. საუბარია ირაკლი ოქრუაშვილზე. რომლის საქმეშიც ქარელი პროკურატურის „ოქროს მოწმეა“.

ევროპაში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე ირაკლი ოქრუაშვილის მეგობარია. სწორედ ამ მეგობრობის წყალობით, მას ჰქონდა „ბედნიერება“, ქარელი პირადად გაეცნო. ფოფხაძე ამბობს, რომ ამ უკანასკნელს ოქრუაშვილი პატრონობდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, საფრანგეთშიც.

გიორგი ფოფხაძე იმის მომსწრეცაა, თუ როგორ და რატომ იჩხუბეს ოქრუაშვილმა და ქარელმა. ჟურნალისტი კატეგორიულად გამორიცხავს, რომ ოქრუაშვილს ბუტა რობაქიძის საქმე გაეყალბებინა. ასევე, სასაცილოდ მიაჩნია ქარელის განცხადება, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ვიღაცებს ქიბარ ხალვაშის ხელმოწერების გაყალბებაში ავარჯიშებდა.

რა წერილი მისწერა ოქრუაშვილმა ია მეტრეველს, რატომ არ ეცოდინებოდა არაფერი ქარელს „რუსთავი 2“-ის საქმეზე და რატომ არის ის გასასამართლებელი? –  ამ თემებზე გიორგი ფოფხაძე „თაიმერს“ ესაუბრება.

_ ირაკლი ოქრუაშვილის მეგობარი ხართ და, ალბათ, გაქვთ ბედნიერება, მიხეილ ქარელსაც იცნობდეთ, რომელიც ოქრუაშვილის პროტეჟე იყო. რატომ გადაემტერა ყოფილი გუბერნატორი ოქრუაშვილს? – წლების წინ, მის წინააღმდეგ პროკურატურაშიც შეიტანა საჩივარი.

– დავიწყებ იმით, რომ ირაკლი ოქრუაშვილი არა მარტო მეგობარია, ის ჩემი შვილის ნათლიაცაა. ნათელ-მირონები ვართ და ოჯახებით ვახლობლობთ. რა თქმა უნდა, ვიცნობ მიშა ქარელსაც, რომელზეც ირაკლი ოქრუაშვილს ძალიან დიდი ამაგი აქვს – დაწყებული მისი გუბერნატორად დანიშვნით დამთავრებული საფრანგეთში ჩამოსვლის ორგანიზებით.  მიშამ საფრანგეთში პოლიტიკური თავშესაფარი ირაკლის დახმარებით მიიღო. უჰ, რამდენი რამის გახსენება შეიძლება ამ თემაზე, მაგრამ, ეს მერე გავაკეთოთ, როცა ირაკლი ციხიდან გამოვა.

ქარელი ირაკლის სახლში ცხოვრობდა და მის ოჯახში ყველაზე მიღებული ადამიანი იყო. ქარელს ირაკლის მშობლები საკუთარი შვილივით უვლიდნენ და პატივს სცემდნენ. არ ვიცი, ქარელი ირაკლის რატომ გადაემტერა.

ერთხელ, ირაკლისთან, სუფრასთან ვისხედით და შეზარხოშებულებს საქართველოს სადღეგრძელოზე საქართველოში დაბრუნებაზე სხვადასხვა აზრი გაგვიჩნდა, ვიკამათეთ (ისე, რომ იცოდეთ, მე და ირაკლი სულ ვკამათობთ და ვჯიჯღინებთ, მაგრამ არც მე ვარ ის კაცი, ვინმე პირში ვაქო და არც ოქრუაშვილია ასეთი). ჰოდა, ეს ჩვენი მიშა ქარელი გაიბუტა, გვეჩხუბა. აგინა ოქროაანთ ირაკლის, არც ეს დარჩა ვალში… მიშა ადგა და გაიქცა. ვიფიქრეთ, გამოფხიზლდება და გაუვლისო, მაგრამ არ ვიცი, ყველაფერი ეს რატომ ჩაიხვია და აღარ მობრუნებულა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ოქრუაშვილ-ქარელის განშორება სრულიად ბანალურად მოხდა. ირაკლის, მეც და იმ სუფრასთან მყოფ სხვა ბიჭებსაც არაერთხელ შეგვითვლია ქარელისთვის, ის, რაც გააკეთა, რატომ გააკეთა, მაგრამ პასუხი ერთხელაც არ მიგვიღია, გაწყვიტა კაცმა ჩვენთან ურთიერთობა და მორჩა.

– გასაგებია, რომ ზრუნავდა, მაგრამ ოქრუაშვილი ქარელს ისე ენდობოდა, რომ მისი თანდასწრებით ეთქვა, ბუტა რობაქიძის საქმე გავაყალბეო?

– .ირაკლი მიშას ძალიან ენდობოდა, მაგრამ არ შეიძლება იმის დაშვება, რომ ადგა და სადღაც რესტორანში მოუყვა, ბუტა რობაქიძის საქმე როგორ უნდა გაიოლებულიყო და მიშას რა როლი უნდა ეთამაშა ყველაფერ ამაში. სხვათა შორის, თუ ასე მოხდა, მაშინ ქარელია გასასამართლებელი დანაშაულის დაფარვის მუხლით, აქამდე იცოდა და არ თქვა? – ეს უკვე სერიოზული კრიმინალია, მაგრამ, რაც არ ყოფილა, რას მოჰყვებოდა.

ჩემთვის, მართლაც, ამოუცნობია, რატო ყვება ქარელი ამ ზღაპრებს. ერთ პატარა დეტალს გავიხსენებ: ირმა ინაშვილმა და დათო თარხან-მოურავმა ბრიუსელში ჩამოიყვანეს „ნაცების“ რეჟიმის დაზარალებულები, მათ შორის, როინ შავაძის ქვრივი, ვახო მაისაიას მეუღლე და ქალბატონი ია მეტრეველიც. ეს შეხვედრები საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ევროსტრუქტურებში და მერე, პრესკონფერენცია ბრიუსელის საერთაშორისო პრესკლუბში მე მოვამზადე და მოვაწყვე. ჰოდა, მაშინ გვქონდა მე და ქალბატონ იას იმ თემაზე საუბარი, რასაც ახლა ირაკლი ოქრუაშვილს ედავებიან.

ჩვენი საუბრის შემდეგ, ჩავჯექი მანქანაში, წავედი ირაკლი ორუაშვილთან და ვუთხარი, ირაკლი, თუ შენ რამე შეხება გქონდა ბუტას მკვლელობასთან, ჩათვალე, რომ ამ წუთიდან ჩვენი მეგობრობა და ნათელ-მირონობაც დასრულებულია-მეთქი.  მიპასუხა, ქალბატონ იას წერილს მივწერე და რაც ახლა ჩვენ ვილაპარაკეთ, იმას მოვუყვებიო. ვიცი, რომ ეს წერილი ნამდვილად მიწერა და ქალბატონმა იამაც მიიღო.

რაში უნდა დასჭირვებოდა ირაკლი ოქრუაშვილს მიშა ქარელის დახმარება, ვერ ვხვდები, ქარელი, რა, გამომძიებელი იყო, პროკურორი, გენერალური ინსპექციის წარმომადგენელი თუ სასამართლოს ექსპერტი? ამიტომ, რასაც მიშა ყვება, სრული ბოდვაა! თუ რამის გაყალბება უნდოდა ოქრუაშვილს, მთელი სახელმწიფო მანქანა ჰქონდა ამის გასაკეთებლად და ეს ის პერიოდია, „ნაცებს“ ცა ქუდად რო არ მიაჩნდათ და დედამიწა – ქალამნად. ასე რომ, ვისი ტიკი ტომარა იყო მიშა ქარელი?!

– ქარელმა „რუსთავი 2“-ის საქმეზეც გააკეთა ოქრუაშვილის საწინააღმდეგო განცხადება და ამტკიცებს,  ხალხს ყალბ ხელმოწერებში ავარჯიშებდაო…

– ამაზე ძალიან მოკლედ გიპასუხებ: როდესაც ეროსი კიწმარიშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი და ქიბარ ხალვაში გერმანიაში შეხვდნენ და ის ცნობილი ხელშეკრულება გააფორმეს, რაზეც დღეს კამათი და გამიშვი-გამატარე, მიშა ქარელი უკვე გაქცეული იყო ირაკლი ოქრუაშვილის სახლიდან. ამიტომ, ძალიანაც რომ სდომებოდა, მიშა ქარელი იმას ნახავდა, რასაც ბჟოტიალობს, რომ თურმე, ოქრუაშვილი ვიღაცებს ავარჯიშებდა ქიბარის ხელმოწერის გაყალბებაში. არა, ეს უკვე სასაცილოც აღარაა! არ და ვერ ჩავერევი ქიბარის და ირაკლის საქმეში და არც მაქვს ამისი უფლება, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი: ის, რაზეც შეთანხმდნენ ირაკლი, ქიბარი და ეროსი, ამ დოკუმენტის ერთი ასლი ოქრუაშვილმა და კიწმარიშვილმა პარიზში ადვოკატებსაც დაამოწმებინეს. ეს ნამდვილად ვიცი და მახსოვს, მაგრამ რა წერია ამ დოკუმენტში, რატომ, რისთვის ან ვისთვის, ეს არ ვიცი და არც დავინტერესებულვარ.

ავტორი: შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია ამერიკის შეერთებული შტატების ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა
შემდეგი სტატიახელისუფლების შეთავაზება 100/50 საპარლამენტო მანდატთან დაკავშირებით ოპოზიციაში არ განიხილება