სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი პატარიძემ იუსტიციის მინისტრ პაატა სალიას თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც საქართველოს პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართა.
„ბატონო პაატა, გთხოვთ, გამათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან“, — ნათქვამია პატარიძის განცხადებაში.
პროკურატურის ინფორმაციით, დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებულ საქმეზე გამოძიება იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს გადაეცა.
“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, უწყებაში აცხადებენ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე ინტენსიური საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები მიმდინარეობს, რომლის პარალელურადაც უწყებამ გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა.















