ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, გიორგი ონიანმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) კრიტიკული რეზოლუციის შეფასებისას განაცხადა, რომ დასავლეთში მმართველი გუნდის პროპაგანდა აღარ მუშაობს.
ონიანის თქმით, სტრასბურგში მიღებულმა დოკუმენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საერთაშორისო პარტნიორები რეალურ სურათს მკაფიოდ ხედავენ:
„მთავარი, რაც ამ პროცესში გამოჩნდა არის, რომ ჩვენ ჯერ კიდევ გვყავს ძალიან მტკიცე მეგობრები ევროპის მასშტაბით. ისინი კარგად ხვდებიან რა დღეში ჩააგდო „ოცნებამ“ ხალხი. მათ შეიძლება პროპაგანდისტული ტელევიზიები გამოიყენონ და გამოიგონონ არარსებული ამბები, რაც აქ [სტრასბურგში] ძალიან კარგად იცის ყველამ“, — განაცხადა გიორგი ონიანმა.















