შუქრუთის მკვიდრ გიორგი ნეფარიძეს სასამართლოს უპატივცემულობისა და მოსამართლე თამარ მაზანაშვილის შეურაცხყოფის საქმეზე 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. გადაწყვეტილება 7 ივლისს გამართულ სხდომაზე გახდა ცნობილი.
ნეფარიძეს მანამდე 6 წლითა და 3 თვით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული მაღაროს დირექტორზე თავდასხმის საქმეზე.
ადვოკატ ნინო ანდრიაშვილის განცხადებით, მოსამართლემ ახალი განაჩენი გამოაცხადა, თუმცა სასჯელის შეკრებითობასთან დაკავშირებით სიტყვიერი განმარტება არ გაუკეთებია, რაც დაცვის მხარისთვის ბუნდოვანი რჩება.
„არ გაუკეთებია მოსამართლეს არანაირი განმარტება შეკრებითობასთან დაკავშირებით, საერთოდ არაფერი არ უთქვამს. მხოლოდ ეგ გამოაცხადა, რომ წელიწად-ნახევარი მიესაჯა და ამით ამოწურა განაჩენის გამოცხადება. როგორც წესი, სასამართლო ყოველთვის აკეთებს ხოლმე განმარტებას განაჩენის გამოცხადების შემდეგ, თუმცა სასამართლომ არ გააკეთა განმარტება და ჩემთვისაც გარკვეულწილად ბუნდოვანია“, -ამბობს ნინო ანდრიაშვილი „ნეტგაზეთთან“

















