გიორგი მშვენიერაძე – სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში კარგად ასახავს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისთვის წყაროები არიან ორგანიზაციები, რომლებსაც ენდობა და რომელთა ინფორმაციებსაც ამოწმებს, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ გამგეობის წევრმა, გიორგი მშვენიერაძემ მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშზე კომენტირებისას განაცხადა.

„სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში არის საკმაოდ ვრცელი და დეტალური, ძალიან კარგად ასახავს ქვეყანაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს. ეს არის შეფასებაც და ფაქტებიც, რომელსაც სანდოდ მიიჩნევს სახელმწიფო დეპარტამენტი. მისთვის წყაროები არიან ორგანიზაციები, რომლებსაც ენდობა, რომელთა ინფორმაციებსაც ამოწმებს და შემდეგ ასახავს ანგარიშში“, – აღნიშნა გიორგი მშვენიერაძემ.

მისივე თქმით, ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ გამოწვევებს.

„მათ შორის გვხვდება ტერმინი „კლანი“, რომელსაც ვფიქრობ, სამართლიანად ვიყენებთ იმ ჯგუფის შესაფასებლად, რომელიც მართავს სასამართლო სისტემას. ანგარიშში ასევე დეტალურად არია მითითებული ის გამოწვევები, რომელიც ქართული მართლმსაჯულების სისტემას უდგას და რომლის აღიარებაც ხელისუფლებას არ სურს. ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა თანასწორობის საკითხებს, მათ შორის სახელმწიფოს როლზეც არის საუბარი, რომელიც სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს სხვადასხვა ადამიანისთვის გამოხატვის თავისუფლებით თანაბრად სარგებლობას. ანგარიშში მოხვდა მედიათავისუფლების კუთხით არსებული მდგომარეობის შეფასებაც. არის შემთხვევები, როდესაც წამების, არაადამიანური მოპყრობისა და ღირსების შემლახველ მოპყრობაზე ფაქტებია დაფიქსირებული და არ არის სათანადო გამოძიება ჩატარებული. მათ შორის არის მაჩალიკაშვილის შემთხვევაც. ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს არჩევნებს და არჩევნების დროს ხელისუფლების მიერ გამოყენებულ რესურსებს“, – განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

banner
წინა სტატიაშინათია დარასელია: როგორც იქნა ანაკლიას პატრონი გამოუჩნდა, მილიონები უნდა დაიხარჯოს
შემდეგი სტატიატელეკომპანია „იმედის“ დარბევის საქმეზე გიორგი თარგამაძე დაიკითხა