გიორგი მშვენიერაძე : რუკა კომისიის წევრ ირმა გაბუნიას ჰქონდა და არა ნატალია ილიჩოვას

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე აცხადებს, რომ რუკა, რომლის საფუძველზეც დავით გარეჯის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავეს, 2019 წლის შემდეგ კომისიის ახალ წევრს, ირმა გაბუნიას ჰქონდა.

მშვენიერაძის თქმით, მას შემდეგ, რაც ილიჩოვამ კომისიაში მუშაობა დაასრულა, სხვადასხვა დოკუმენტაცია, მათ შორის 1937-1938 წლის რუკა კომისიის ახალ წევრს, ირმა გაბუნიას გადასცა.

მისივე განცხადებით, პროკურატურამ შეთხზა მითი იმასთან დაკავშირებით, რომ ილიჩოვა და მელაშვილი კომისიის სხვა წევრებს რუკას “უმალავდნენ”.

“ამბობენ, რომ ეს რუკა ილიჩოვას კაბინეტიდან ამოიღეს. ილიჩოვა 2019 წლის მაისის შემდეგ აღარ იყო კომისიის წევრი. დადასტურებულია ჩვენებებით როგორც ილიჩოვასი, ასევე ქალბატონი ირმა გაბუნიას ჩვენებით, მისი თანამშრომლის, რომელიც ადასტურებს, რომ ეს მასალები მას გადასცა ილიჩოვამ იმიტომ, რომ ირმა გაბუნია გახდა კომისიის წევრი და როდესაც დაკითხეს ქალბატონი ილიჩოვა მან თქვა, რომ ეს მასალები იქნება ირმა გაბუნიას ოთახში.

როდესაც ჩხრეკაზე მივიდნენ, ამოიღეს იმ ოთახიდან, სადაც ირმა გაბუნია და ნატალია ილიჩოვა ერთად სხედან. 2019 წლის მაისიდან ეს რუკა იმ ქალბატონს ჰქონდა და არა ნატალია ილიჩოვას. რუკების დამალვა არის მითი, რომელიც შეთხზეს”, – განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

banner
წინა სტატიაშიბრიტანული კომპანია Survation-ის კვლევით ირაკლი ჩიქოვანი 55%-ით იმარჯვებს
შემდეგი სტატია1936-38 წწ-ის რუკა 2018-ში საგარეო მინისტრმა გამოუსადეგრად მიიჩნია