გიორგი მიქაუტაძე „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში ჩარევად აფასებს

ეს არის ისევ და ისევ პოლიტიკური საკითხი, გაგრძელება იმ ხაზის, რომელსაც ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვუყურებთ და ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ მოხდეს ჩარევა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში – ასე აფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი მიქაუტაძე, დადგენილების პროექტს, რომელიც პარტია „ევროპულმა საქართველომ“ მოამზადა და რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობიდან საბჭოს სამი არამოსამართლე წევრის: ლევან გზირიშვილის, ზაზა ხარებავასა და შოთა ქადაგიძის გამოწვევას ითვალისწინებს.

გიორგი მიქაუტაძე მიიჩნევს, რომ მოთხოვნა არის უსაფუძვლო და არის მცდელობა, რომ საბჭომ გადაწყვეტილებები მიიღოს არა დამოუკიდებლად, არამედ გარე მითითებების საფუძველზე.

“მოთხოვნა არის აბსოლუტურად არარეალური და უსაფუძვლო. მეტსაც ვიტყოდი, რომ ერთი კონკრეტული გადაწყვეტილების გამო საკითხის დაყენება ჯეროვანი და არაჯეროვანი შესრულებისა, ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, შეცდომაში შეიყვანონ საზოგადოება და ის ადამიანები, რომლებსაც შეიძლება ასე დეტალებში არ ესმოდეთ ეს ტერმინები.

წარმოუდგენელი რაღაცაა, რომ ერთ გადაწყვეტილებას ადამიანმა დაუჭიროს მხარი ან უარი თქვა ამ გადაწყვეტილების მხარდაჭერაზე და ამის გამო დადგეს საკითხი, მის მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის ჯეროვნად თუ არაჯეროვნად დასრულებაზე. ეს არის ისევ და ისევ პოლიტიკური საკითხი, გაგრძელება იმ ხაზის, რომელსაც ძალიან დიდი ხანია ვუყურებთ ჩვენ.ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ მოხდეს ჩარევა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში და კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღებოდეს არა საბჭოს მიერ დამოუკიდებლად, არამედ სწორედ ამ გარე მითითებების საფუძველზე, რისი დიდი მცდელობაც არსებობს ბოლო პერიოდის განმავლობაში,” – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

მისივე განმარტებით, საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი, კონკრეტული გადაწყვეტილების გამო შეირჩნენ. საუბარია, უზენაესი სასამართლოს კანდიდატთა სიაზე, რომელსაც საბჭოს აღნიშნულმა წევრებმა მხარი დაუჭირეს. მიქაუტაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული არამოსამართლე წევრები, დანიშნა პარლამენტმა, ისინი კანონის მიხედვით, მოსამართლეთა კონფერენციის წინაშე არიან ანგარიშვალდებულები.

“ეს ადამიანები იმის მიხედვით არ არიან შერჩეულები, კარგად ასრულებენ თავის სამსახურეობირივ მოვალეობას თუ არა. ეს ადამიანები შერჩეულები არიან ზუსტად იმ პოლიტიკური შეხედულებების გამო, რომლითაც მიმდინარეობს რაღაც კამპანია საბჭოს წინააღმდეგ და კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე მითითებით. საბჭოს არამოსამართლე წევრები ანგარიშვალდებულები არიან არა პარლამენტის, არამედ მოსამართლეთა კონფერენციის წინაშე”, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

„ევროპული საქართველო“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან ლევან გზირიშვილის, ზაზა ხარებავასა და შოთა ქადაგიძის გამოწვევას ითხოვს. შესაბამისი დადგენილების პროექტი დღეს ბიუროს სხდომას წარედგინება. „ევროპული საქართველო“ აღნიშნული პირებისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის მიზეზად მათ მიერ მოვალეობის არაჯეროვან შესრულებას ასახელებს.

banner
წინა სტატიაშიაქცია ზუგდიდის პროკურატურასთან – მირიან მარკელიას ოჯახის წევრები, ახალგაზრდისთვის 5-წლიანი პატიმრობის შეფარდებას აპროტესტებენ
შემდეგი სტატიაშს მინისტრის მოადგილეებმა პანკისის ხეობაში დაშავებული პოლიციელები მოინახულეს