გიორგი მიქაუტაძე – ძალიან ღირსეული მოსამართლეები გამწესდნენ უვადოდ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, შვიდივე კანდიდატი, რომლებიც უვადო მოსამართლის თანამდებობაზე გამწესდნენ, ღირსეული კანდიდატები არიან. მისივე შეფასებით, სწორედ ღირსებისა და კომპეტენციიდან გამომდინარე მიიღო იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შესაბამისი გადაწყვეტილება და 7 მოსამართლე უვადოდ გაამწესა.

“იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კენჭისყრა გაიმართა და სამწლიანი გამოსცდელი ვადით დანიშნული შვიდი მოსამართლე უვადოდ გამწესდა თავისივე თანამდებობაზე. ვულოცავ ჩემს კოლეგებს ამ წარმატებას. ვფიქრობ, რომ ძალიან ღირსეული მოსამართლეები გამწესდნენ უვადოდ. ჩვენ გვქონდა შეფასებები, როგორც ამას კანონი მოითხოვს. ყველა მათგანს ჰქონდა ძალიან დადებითი შეფასებები. უმაღლესი ქულებით იუსტიციის უმაღლესმა საბჭომაც შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო”, – განაცხადა მიქაუტაძემ.

გარდა ამისა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გამოეხმაურა საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის განცხადებას, რომლის მიხედვით, სასამართლო სისტემა იმდენად დახურულია, რომ კარგ იურისტს, ადვოკატს, პროკურორს და მეცნიერს ამ სისტემაში მოხვედრის ძალიან მწირი შანსი აქვს.

გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, სასამართლო კორპუსის განახლება მუდმივად მიმდინარეობს და დოლიძის განცხადებას არ ეთანხმება.

“ყველას აქვს თანაბარი შესაძლებლობა, რომ გამწესდეს და დაიკავოს მოსამართლის თანამდებობა”, – განაცხადა მიქაუტაძემ.

banner
წინა სტატიაში“კითხვებზე პასუხებია გასაცემი და ამ ადამიანებმა უნდა გასცენ პასუხები“ – ლომჯარია მოზარდების მკვლელობის საქმის პროკურორებსა და გამომძიებლებზე საუბრობს
შემდეგი სტატიარეგიონში პირველი პოლიტიკური ბოტი, სახელწოდებით მარიტა v2.0 დღეს, 25 ივნისს, 20:00 საათზე ჩაეშვება