გიორგი მიქაუტაძე – არ არსებობს არგუმენტი, რის გამოც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა უნდა შეჩერდეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, გიორგი მიქაუტაძეს მიაჩნია, რომ არ არსებობს არგუმენტი, რის გამოც 2025 წლამდე პირველ და მეორე ინსტანციებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა უნდა შეჩერდეს.

მისივე თქმით, გაფართოებულ სხდომაზე, რომელსაც დღეს 150-ზე მეტი მოსამართლე ესწრებოდა, ღიად დაფიქსირდა უარყოფითი დამოკიდებულება კანონპროექტის მიმართ და მოსამართლეებმა ნათლად ჩამოაყალიბეს თავიანთი არგუმენტაცია.

„ჩვენ მოვისმინეთ ბევრი არგუმენტი იმის თაობაზე რომ არც სამართლებრივად და არც სხვა რაიმე მიზნებით არ არსებობს არგუმენტი საკანონმდებლო ცვლილების სასარგებლოდ, რომლის მიხედვითაც უნდა შეჩერდეს მოსამართლეთა დანიშვნა. ჩვენ გვესმოდა მკაფიო განცხადებები და მოწოდებები, მათ შორის საბჭოს არამოსამართლე წევრების მხრიდან, რომ ისინი ეთანხმებიან აღნიშნულ ინიციატივას, თუმცა დღეს ჩვენს ათეულობით კითხვაზე, დაესახელებინათ თუნდაც ერთი არგუმენტი, თუ რატომ უნდა განხორციელდეს ეს ცვლილება, მივიღეთ დუმილი.ვიცი, რომ დუმილი არის თანხმობის ნიშანი. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ჩვენს არგუმენტებს ეს წევრებიც ეთანხმებიან, უბრალოდ საპასუხო არგუმენტი არ აქვთ, რადგან ასეთი არგუმენტი არ არსებობს”,- განმარტა გიორგი მიქაუტაძემ.

რაც შეეხება, საბჭოს წევრის, თამარ ონიანის მოწოდებას, რომ არც მოსამართლეებმა უპასუხონ ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა დოლიძის კითხვებს, მიქაუტაძეს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება ყველამ ინდივიდუალურად უნდა მიიღოს. მისივე თქმით, ის, როგორც თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, კომუნიკაციას ვერ შეწყვეტს.

„ყველას აქვს უფლება, რომ თუ დიალოგი არის ცალმხრივი, შეწყვიტოს ეს დიალოგი იმ პირთან, რომელიც უარს აცხადებს კითხვებზე პასუხის გაცემაზე. ყველამ თავისით უნდა გადაწყვიტოს. მე ამ შემთხვევაში ვარ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი და კომუნიკაცია უნდა მქონდეს ყველა წევრთან. ამას ასეც გავაგრძელებ. პირადად ჩემი გადასაწყვეტია, როგორ მოვიქცევი” ,-განმარტა გიორგი მიქაუტაძემ.

banner
წინა სტატიაშიემზარ კვიციანი კანონიდან ტერმინების – „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობა“ ამოღებას ითხოვს
შემდეგი სტატიაეროვნულმა ბანკმა 20 მილიონი დოლარი შეისყიდა