გიორგი მიქაუტაძე არ ადასტურებს, რომ მისი კანდიდატურა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე განიხილება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მიქაუტაძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ მისი კანდიდატურა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე განიხილება.

მიქაუტაძის განცხადებით, აღნიშნულ თემაზე მასთან საუბარი არ ყოფილა.

„პირველად მესმის რასაც მეკითხებით. არსად ამაზე არ მისაუბრია. იქნებ მაშინ მაინც გაგცეთ პასუხი, თუ წყაროს დამისახელებთ. ინფორმაციას არ ვადასტურებ”, – აცხადებს გიორგი მიქაუტაძე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი არ გამორიცხავს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მიქაუტაძე გახდეს.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდგ გახდა, რაც ნინო გვენეტაძემ 2018 წლის 2 აგვისტოს თანამდებობა საკუთარი სურვილით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მოტივით დატოვა. საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს არჩევს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და ამტკიცებს საკანონმდებლო ორგანო. აღნიშნული შემადგენლობიდან კი შეირჩევა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეც.

იქიდან გამომდინარე, რომ საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს კანდიდატთა სიას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა და ის პარლამენტმა ჩააგდო, ამ ეტაპზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესში ცვლილებებზე მსჯელობა მიმდინარეობს. უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტება ცვლილებების შემდეგ მოხდება.

banner
წინა სტატიაშიადგილობრივი არჩევნები თურქეთში – ერდოღანის პარტია პოზიციებს კარგავს
შემდეგი სტატიაშრომის ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომლები ჭავჭავაძის #5-ში, უბედური შემთხვევის ადგილზე შევიდნენ