გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს აჭარის დანაყოფების მუშაობის მონიტორინგი განახორციელა

news
ავტ.: news ივლისი 15, 2016 10:02

გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს აჭარის დანაყოფების მუშაობის მონიტორინგი განახორციელა

ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აჭარის რეგიონს ეწვია და სამინისტროს ადგილობრივი დანაყოფების საქმიანობას პირადად გაეცნო.

გიორგი მღებრიშვილი სარფის სასაზღვრო გამტარ პუნქტსა და ბათუმის აეროპორტში იმყოფებოდა.

გიორგი მღებრიშვილი მესაზღვრე-კონტროლიორებსა და პატრულ-ინსპექტორებს გაესაუბრა და მათი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. ბათუმში ვიზიტის დროს, შს მინისტრმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სწრაფმავალი კატარღით სანაპირო ზოლის მონიტორინგი განახორციელა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საზღვაო სეზონზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, აჭარის რეგიონში, ბათუმსა და ქობულეთში დამატებითი ძალები მიავლინა. მოქალაქეებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას 270 პატრულ-ინსპექტორი იცავს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ბათუმის ბულვარში პატრულირებას ელექტრომობილებითა და ე.წ. სეგვეით ახორციელებენ. საპატრულო პოლიციის შემადგენლობა 200-მდე გაიზარდა ბათუმის აეროპორტსა და სარფის სასაზღვრო გამტარ პუნქტშიც. საზღვაო სეზონს შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ასევე გაზრდილი შემადგენლობით და ახალი შენობით შეხვდა. აჭარის სამმართველოში 1000-მდე დაცვის პოლიციელი მუშაობს, ხოლო ბათუმის ბულვარს 100-მდე დაცვის პოლიციელი იცავს.

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის შესაძლებლობები გაძლიერდა. გაიზარდა პირადი შემადგენლობა, მცურავი საშუალებები სრულ მზადყოფნაშია და, დამსვენებლების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საზღვაო პატრულირება 24 საათის განმავლობაში ხორციელდება.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო საკურორტო სეზონს შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი შეხვდა. სარფიდან ჩოლოქის ჩათვლით შეკეთდა, როგორც ხის, ასევე რკინის სამაშველო კოშკურები. ყველა საგუშაგოს გააჩნია პირველადი სამედიცინო დახმარების აფთიაქი. სეზონურმა მაშველებმა პირველადი სამედიცინო დახმარების კურსებიც გაიარეს. წელს, პირველად, მათ დაურიგდათ ხელოვნური სუნთქვის აპარატი, რომლის საშუალებითაც ისინი პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევას უფრო ეფექტიანად შეძლებენ. რისკების პრევენციის მიზნით, ზღვაში განთავსდა საცურაო არეალის (ზოლის) მანიშნებელი ტივტივები. სანაპიროზე დამონტაჟდა ქართული და ინგლისურენოვანი საინფორმაციო აბრები,
რომლებიც დამსვენებლებს ცურვისათვის სარისკო ადგილების შესახებ აფრთხილებს.

პარალელურად, მყვინთავებს კვალიფიკაციის ასამაღლებელი შესაბამისი ტრენინგი ჩაუტარდათ. გაიზარდა წყალზე სამაშველო განყოფილების ტექნიკის რაოდენობა, განახლდა მაშველი-მყვინთავების აღჭურვილობა, სეზონური მაშველების რიცხვმა კი 135-ს მიაღწია.

news
ავტ.: news ივლისი 15, 2016 10:02

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


17,693
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics