გიორგი მღებრიშვილი უნგრეთის ეროვნული პოლიციის შტაბ-ბინას ეწვია

უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ეროვნული პოლიციის შტაბ-ბინას ეწვია და უფროს კომისარს – კაროლი პაპპს შეხვდა. ამის შესახებ ,,თაიმერს” უწყებიდან აცნობეს.

უნგრეთის პოლიციის უფროსმა საქართველოს შს მინისტრს უწყების შესახებ ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინა.
კაროლი პაპპმა გიორგი მღებრიშვილს უნგრეთში დანაშულის დინამიკაზე, არსებული პრობლემების იდენტიფიცირების მეთოდებზე, ასევე, დანაშულის აღკვეთისა და პრევენციის მიზნით გატარებულ ღონისძიებებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრაზე მხარეებმა არალეგალური მიგრაციის და მასთან ერთობლივი ბრძოლის საკითხებიც განიხილეს.

როგორც კაროლი პაპპმა აღნიშნა, „კრიმინალს არა აქვს საზღვრები. შესაბამისად, ვინც საკუთარი ქვეყნის საზღვრებში იკეტება, წარმატებას ვერ მიაღწევს. უნგრეთი მზადაა, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს თავისი გამოცდილება გაუზიაროს. მოხარული ვიქნებით ქართულ მხარესთან სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობით“.

თავის მხრივ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საერთო
გამოწვევების წინააღმდეგ საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის
გაღრმავების მნიშვნელობას. გიორგი მღებრიშვილის თქმით, ევროკავშირის 28
ქვეყნიდან 15 ქვეყანასთან, მათ შორის, უნგრეთთან, საქართველომ უკვე დადო
ხელშეკრულება დანაშაულის პრევენციისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში
თანამშრომლობის შესახებ. ბოლო პერიოდის მანძილზე, შინაგან საქმეთა
სამინისტრომ პოლიციის ატაშეები ევროპის მრავალ ქვეყანაში წარგზავნა.

შეხვედრაზე საქართველოს შს მინისტრმა და უნგრეთის ეროვნული პოლიციის
უფროსმა კომისარმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებაც ისაუბრეს.
კაროლი პაპპმა გიორგი მღებრიშვილს ამ კუთხით უნგრული გამოცდილება გააცნო და
აღნიშნა, რომ აღნიშნული პრობლემის დასაძლევად, არა მხოლოდ პოლიციის,
არამედ, მთელი საზოგადოების ჩართულობა და მხარდაჭერაა საჭირო.

მხარეები ორი ქვეყნის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის მჭიდრო და
მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

გიორგი მღებრიშვილის ოფიციალური ვიზიტი უნგრეთში დასრულდა.

banner
წინა სტატიაშიმართლმადიდებელი სამყარო დღეს იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, ცეცხლის გადმოსვლას ელოდება
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-ის ხელმძღვანელებს შეხვდა