ეს კანონპროექტი არის რეალობის საჭიროებებზე მორგებული გეგმაზომიერი ნაბიჯების ნუსხა, რომელმაც უნდა დაიცვას ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და მაქსიმალურად აგვარიდოს ავარიის შემთხვევები, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა სამინისტროში საგზაო უსაფრთხოების წესებთან დაკავშირებული პროექტის პრეზენტაციაზე ისაუბრა.
გიორგი მღებრიშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი სამინისტროს მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარს დაუჭერს, მისი იმპლიმენტაცია უმოკლეს ვადებში მოხდება.
“პირველ რიგში ეს არის რეალობის საჭიროებებზე მორგებული გეგმაზომიერი ნაბიჯების ნუსხა, რომელმაც უნდა დაიცვას ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და მაქსიმალურად აგვარიდოს ავარიის შემთხვევები.
შსს-მ არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების შედეგად მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის შეიმუშავა აღნიშნული პროექტი. ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ უსაფრთხო გზა, რომელიც დასავლურ სტანდარტებთან დაგვაახლოებს. ამის გამო მე ვიმუშავე ჩემს გუნდთან ერთად საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე, რომელიც დღეს მთავრობამ დაამტკიცა და თუ მას პარლამენტიც მოიწონებს, მისი იმპლიმენტაცია უმოკლეს ვადებში მოხდება”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
მინისტრის თქმით, აღნიშნული ცვლილებები საგზაო უსაფრთხოების პრევენციის გაძლიერებას, ავტოპარკის გადახალისებას და საგზაო მოძრაობის თანამედროვე სტანდარტებზე გადაყვანას გულისხმობს.