გიორგი მღებრიშვილი პოლიციის თანამშრომლებს მადლობას უხდის

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც 23 ივლისს აღმაშენებლის გამზირზე აქციის მიმდინარეობისას უსაფრთხოებას იცავდნენ, მადლობას უხდის. განცხადება გიორგი მღებრიშვილის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელდა.

„ჩემო პოლიციელებო!

მსურს, მადლობა გადაგიხადოთ გამოჩენილი პროფესიონალიზმისა და თავდადებისთვის, პირნათლად შესრულებული მოვალეობისთვის. თქვენ კიდევ ერთხელ დაამტკიცეთ, რომ ხართ თითოეული ჩვენი მოქალაქისა და სტუმრის მცველი, დგახართ და ყოველთვის იდგებით მათი უსაფრთხოების სადარაჯოზე, მიუხედავად პოლიტიკური თუ სხვა სახის კუთვნილებისა. ესაა შემდგარი, დემოკრატიული სახელმწიფოს ძირეული ღირებულება და თქვენ – ამ ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები, იმედი და ძალა. ასე, მხარდამხარ უფრო მეტს მივაღწევთ. მადლობა!“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებაში.

შეგახსენებთ, „ევროპული საქართველოს“ ორგანიზებით, 23 ივლისს აქცია „არა რუსულ ფაშიზმს საქართველოში“ გაიმართა. აქციის მონაწილეებმა აღმაშენებლის გამზირზე ჩაიარეს, სადაც „ქართული მარშის“ ლიდერები და მხარდამჭერები იმყოფებოდნენ. ორი აქციის მონაწილეებმა ერთმანეთს ბოთლები, კვერცხები და სხვადასხვა საგანი დაუშინეს. ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამართალდამცველები.

banner
წინა სტატიაშითურქი მინისტრი სპეცსამსახურების ჯგუფური ჩხუბის ეპიცენტრში აღმოჩნდა (ვიდეო)
შემდეგი სტატია(video) შმმ პირის, გიორგი მიქავას ოჯახის წევრებმა წალენჯიხაში საპროტესტო აქცია გამართეს