გიორგი მღებრიშვილი ლიტველ, მოლდოველ და ბელარუს კოლეგებს შეხვდა

პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებასთან დაკავშირებით,
თბილისს ლიტვის, მოლდოვისა და ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრები
ეწვივნენ. კოლეგებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი
მღებრიშვილმა უმასპინძლა. ამის შესახებ ,,თაიმერს” უწყებიდან აცნობეს.

ლიტვის შს მინისტრმა თომას ჟილინსკასმა, მოლდოვის შს მინისტრმა ალექსანდრუ
ჟიზდანმა და ბელარუსის შს მინისტრმა იგორ შუნევიჩმა გიორგი მღებრიშვილს და
ქართველ სამართალდამცველებს პოლიციელის დღე მიულოცეს.

სტუმრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში, სამსახურებრივი მოვალეობის
შესრულების დროს დაღუპულ პოლიციელთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

შს სამინისტროში გიორგი მღებრიშვილი უცხოელ კოლეგებს პირისპირ შეხვდა და
პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დასწრებისა და მილოცვისთვის
მადლობა გადაუხადა.

შს მინისტრებმა შეხვედრებზე სამართალდაცვით სფეროში ქვეყნებს შორის
თანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე
ისაუბრეს. გიორგი მღებრიშვილმა კოლეგებს საქართველოს შს სამინისტროში
განხორციელებული რეფორმები და დაგეგმილი პროექტები გააცნო. საქართველოს შს
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა, ასევე, პოლიციური განათლების სფეროში
პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობაზე, მათ შორის, შსს-ს აკადემიაში
რეგიონული ტრენინგ-პროგრამების განხორციელების კუთხით.

გიორგი მღებრიშვილის თქმით, აუცილებელია შენარჩუნდეს მაღალი დონის ორმხრივი
ვიზიტების პოზიტიური ტენდენცია, რომლის ფარგლებშიც მოხდება ინფორმაციის
გაზიარება მიმდინარე პროგრესის შესახებ და სამომავლო გეგმების დასახვა.

banner
წინა სტატიაშიკორცხელის ინციდენტში ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ზუგდიდის სასამართლო იმსჯელებს
შემდეგი სტატიაწყალდიდობის გამო, საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა