მე, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ვაცხადებ, რომ მიმდინარეობს ქვეყნის პოლიციის მიზანმიმართული დისკრედიტაცია!

mxevrishviliმე, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ვაცხადებ, რომ მიმდინარეობს ქვეყნის
პოლიციის მიზანმიმართული დისკრედიტაცია!
მე არ დავუშვებ ჩვენი პოლიციელების დაკნინების მცდელობას! არ დავუშვებ, რომ
ჩემი კოლეგები, ადამიანები, რომლებიც საკუთარ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას
ყოველ დღე რისკის ქვეშ აყენებენ, რათა კეთილსინდისიერად შეასრულონ თავიანთი
მისია – დაიცვან ყოველი ჩვენგანის უსაფრთხოება – გახდნენ სისტემატური
თავდასხმისა და მორალური ზეწოლის მსხვერპლნი.
დიახ, ჩვენ გამოვუცხადეთ უკომპრომისო ბრძოლა კრიმინალს. ამ ბრძოლაში, ჩვენი
მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად, ჩვენი პოლიციელები მზად არიან,
საკუთარი სიცოცხლე გასწირონ. განსხვავებით წინა პერიოდისგან, საქართველოს
შს სამინისტროს მხრიდან კრიმინალის წინააღმდეგ წარმოებული ბრძოლა არ ხდება
ადამიანის უფლებების დარღვევის ხარჯზე.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საქართველოს შინაგან სამინისტრო
არასდროს ყოფილა საზოგადოებასა და დასავლურ სტანდარტებზე ისე
ორიენტიერებული, როგორც დღეს. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ძირეულად
შეიცვალა ღირებულებები და ჩვენი ქვეყნის პოლიცია გახდა დეპოლიტიზირებული,
სრულად დაექვემდებარა საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებს, რაც არაერთი
საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებითაც დადასტურდა.
სწორედ დასავლური ღირებულებისა და მოქალაქეობრივი პასუხმგებლობის ნაწილია,
პატივი სცე და მხარი დაუჭირო შენი ქვეყნის პოლიციას.
თუმცა, უკანასკნელ პერიოდში გახშირდა და სავარუდოდ, წინასაარჩევნო ფონზე,
კიდევ უფრო გააქტიურდება მიზანმიმართული შეტევა პოლიციის იმიჯზე, რისი
ერთ-ერთი ნათელი მაგალითი დღეს მედიით გავრცელებული კადრებია. ამ კადრების
მეშვეობით, ჟურნალისტი ცდილობს, მაყურებელი დაარწმუნოს, რომ კონკრეტულ
ვიდეოფირზე თანამედროვე პოლიციის მიერ მოქალაქეზე ძალადობის ფაქტია
აღნუსხული.
საყურადღებოა, რომ აღნიშნული ვიდეომასალა არ ასახავს დღევანდელობას. ის
გადაღებულია საპატრულო პოლიციის რებრენდინგამდე. ვიდეოში კარგად ჩანს, რომ
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ძველი ფორმები აცვიათ. ასევე, ფიქსირდება
ძველი მარკის და შეფერილობის ავტომანქანა „შკოდა“. ამ ყველაფრის
გათვალისწინებით, გამორიცხულია, 23 აპრილს გავრცელებული ვიდეო 2016 წლის 16
აპრილს ქ. ბათუმში მოქალაქეების დაკავებას ასახავდეს.
სრული პასუხიმგებლობით ვაცხადებ, რომ თითოეული პოლიციელის მხრიდან
გადაცდომის შესაძლო ფაქტი პირად კონტროლზე მაქვს აყვანილი და შსს-ს
გენერალური ინსპექცია, ასევე, პროკურატურა ამ კუთხით დიდ სამუშაოს სწევს.
პირველ რიგში, ეს სწორედ ჩემი ინტერესია, რომ 38000-იან კოლექტივში ზუსტად
გამოვავლინო სისტემისთვის ზიანის მომტანი, გამონაკლისი პირები, რათა მათ
კანონის წინაშე პასუხი აგონ.
თუმცა, არამც და არამც დავუშვებ, რომ ათასობით კეთილსინდისიერ, გულანთებულ
პოლიციელს, რომლებიც მუხლჩაუხრელად მუშაობენ ჩვენი მოსახლეობის
უსაფრთხოების დასაცავად, დაუსაბუთებლად, სამართლებრივად გამყარებული
მტკიცებულებების გარეშე, ჩრდილი მიადგეთ და ვინმე, საკუთარი კერძო
ინტერესების გამო, მათ დაკნინებას შეეცადოს. მე ყოველი ასეთი პოლიციელის
გვერდით ვიდგები!
დიახ, არ დავუშვებ, რომ ჩვენი საზოგადოება გახდეს კრიმინალების, მათი
მხარდამჭერების ინსინუაციებისა და მავანთა არაჯანსაღი წინასაარჩევნო
კამპანიის მსხვერპლი!
ჩვენი პოლიცია აპოლიტიკური უწყებაა. მისი მთავარი ამოცანა ქვეყნისა და მისი
თითოეული მოქალაქის სიმშვიდისა და უსაფრთხოების დაცვა, დანაშაულის
პრევენცია და აღკვეთაა.
თუმცა, ეს ამოცანა ვერ შესრულდება წარმატებით, თუკი პოლიციას საზოგადოების
მხარდაჭერა არ ექნა, თუკი საზოგადოებამ მკაფიოდ არ გამიჯნა ერთმანეთისგან
ტყუილი და მართალი. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ პოლიციის უსაფუძვლო
დისკრედიტაცია და მისი დაკნინების მცდელობა – პირდაპირ საშიშროებას უქმნის
ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის სიმშვიდესა და უსაფრთხოებას. ეს ქვეყნის
წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა, რაზეც ყოველ ჩვენგანს ადეკვატური პოზიცია
უნდა გვქონდეს.
ჩემო პოლიციელებო, დებო და ძმებო, მე მჯერა თქვენი და მსურს, კიდევ ერთხელ
დაგიდასტუროთ ჩემი თანადგომა და მხარდაჭერა! ჩვენ ვალდებულები ვართ,
დავდგეთ უფრო მაღლა, ვიდრე მავანთა არაკეთილსინდისიერი მიზნებით
განხორციელებული პროვოკაციებია და პირნათლად მოვიხადოთ ჩვენი ვალი ქვეყნისა
და ხალხის წინაშე!-ნათქვამია გიორგი მღებრიშვილის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში(ნაწილი მეორე) დარეჯან მეფარიშვილის სკანდალური ინტერვიუ – გეპეის ამბოხის დასასრულის დასაწყისი!
შემდეგი სტატიასაქართველო არის კარგი მაგალითი ბევრი ქვეყნისთვის