გიორგი მღებრიშვილი: ჩვენი გეზი შეუქცევადია, ეს არის დასავლური სტანდარტები

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი მღებრიშვილმა პარლამენტში, მინისტრობის კანდიდატების მოსმენისას უწყებაში დაგეგმილ და განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. როგორც მღებრიშვილმა რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არის ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ევროპოლთან თანამშრომლობას იწყებს. გიორგი მღებრიშვილმა საერთაშოროსო საპოლიციო თანამშრომლობის არეალის გაფართოებასა და ევროპულ საპოლიციო სტრუქტურებთან კოოპერაციის გაღრმავებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, მომავალ წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ხელს მოაწერს ევროპოლთან ყველაზე მაღალი დონის ხელშეკრულებას, რაც ევროიტეგრაციის კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი იქნება. მისივე თქმით, გუნდთან ერთად განახორციელა სისტემის ძირეული კვლევა და ანალიზი, რის საფუძველზეც განისაზღვრა სტრატეგია და სამოქმედო გეგმა იმისთვის, რომ პოლიცია გახდეს ბევრად ეფექტური და საზოგადოების საჭიროებებზე მაქსიმალურად ორიენტირებული. “ჩვენი გეზი შეუქცევადია, ესაა დასავლური სტანდარტები. მიუხედავად იმისა, რომ შსს-მ 100 პროცენტით შეასრულა ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში დაკისრებული ვალდებულებები, სახელმწიფოს ევროპული არჩევანი, ქვეყნის უკეთეს მომავალზე ზრუნვა, დამატებით გამოწვევებს და შესაბამისად, მიზნებს გვისახავს, რისთვისაც უკვე განსაზღვრული მაქვს კონკრეტული სამოქმედო გეგმა. შსს-ში რეფორები გრძელდება და ის უზრუნველყოფს პოლიციის შემდგომ განვითარებას, ასევე მის საბოლოოდ ჩამოყალიბებას ეფექტურ, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულ, სანდო და თანამედროვე უწყებად”, – აღნიშნა მღებრიშვილმა. შს მინისტრმა ისაუბრა უწყებაში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზეც, მათ შორის, კრიმინალური პოლიციის შემდგომ მოდერნზიაციაზე; დანაშაულის პრევენციის კომპონენტის გაძლიერებაზე; პოლიციის დანაყოფებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შემდგომ განვითარებასა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვაზე; არალეგალურ მიგრაციასა და მასთან დაკავშირებული რისკების მართვის კუთხით სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაზე; საპოლიციო და სამოქალაქო ფუნქციების გამიჯვნაზე; შსს-ს სერვისების შემდგომ სრულყოფასა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამაზე. გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, შეიცვლება მუშაობის მეთოდოლოგია, დაინერგება ახალი მიდგომები, რომელთა მიზანია პოლიციის საზოგადოებასთან კიდევ უფრო დაახლოება. “გარდა ამისა, ვაყალიბებთ ანალიზზე დაფუძნებულ პოლიციას, ვგეგმავთ დნმ-ის ბანკის შექმნას და აღნიშნული გზით საგამოძიებო შესაძლებლობებისა და დანაშაულის პრევენციის ფუნქციის გაძლიერებას. მე გამომძიებელი ვიყავი და კარგად მაქვს გააზრებული, რომ ეს ნოვაცია მნიშვნელოვნად წინგადადმული ნაბიჯი იქნება საქართველოს კრიმინალისტიკის არსებობის ისტორიაში””, – აღნიშნა შს მინისტრმა. გიორგი მღებრიშვილმა რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, დაგეგმილია შსს-ს აკადემიის შესაძლებლობების გაძლიერება და მისი საპოლიციო განათლების რეგიონულ ცენტრად გარდაქმნა. “რა თქმა უნდა, რეფორმები ვერ იქნება შედეგიანი, თუ მუდმივად არ ვიზრუნეთ თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე. შსს აკადემიაში დაინერგება ახალი პროგრამები და დისტანციური სწავლება. ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობით განხორციელდება ღონისძიებები, რომლის მიზანია არა მარტო საქართველოს, არამედ ჩვენს მეზობელ ქვეყნებს მაღალკვალიფიციური, დასავლურ ღირებულებებსა და სტანდარტებზე ორიენტირებული კადრები მიეწოდოს, რაც, თავის მხრივ, რეგიონული უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება”, – აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.

banner
წინა სტატიაში14-დან 21 წლამდე მსჯავრდებულებისთვის ცალკე დაწესებულება აშენდება
შემდეგი სტატიაგიორგი მღებრიშვილი: უბნის ინსპექტორს ოჯახის მეგობრის ფუნქცია ექნება