გიორგი მღებრიშვილი – ცეცხლის ღია კერები აღარ გვაქვს, ვერტმფრენების გამოყენების აუცილებლობა ამ ეტაპზე აღარ არის

ცეცხლის ღია კერები აღარ გვაქვს, ვერტმფრენების გამოყენების აუცილებლობა ამ ეტაპზე აღარ არის, ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დროებით შევაჩეროთ ვერტმფრენებით მუშაობა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ხუთი ვერტმფრენი რჩება მზადყოფნაში, რათა საჭიროების შემთხვევაში ისევ განაახლონ სამუშაოები.

“ჩვენ ვართ ახლა უკიდურეს, ყველაზე მაღალ წერტილში, საიდანაც უკვე გზა გადადის საირმეში. ეს არის ახალი გზა, რომელიც გაიჭრა ჩვენს მიერ. თქვენ ხედავთ მთაზე განლაგებულია კავშირგაბმულობის მანქანები, რომელსაც კავშირი აქვთ როგორც ავიაციასთან, ასევე იმ ცოცხალ ძალასთან, რომელიც ტყეში მუშაობს. როგორც გუშინ გითხარით აქ მობილური კავშირი არ არის, დაფარვის ზონა არ არის და კავშირს ჩვენ ვამყარებთ მხოლოდ და მხოლოდ რაციებით. იმდენად რამდენადაც ცეცხლის ღია კერები ჩვენ აღარ გვაქვს, ვერტმფრენების გამოყენების აუცილებლობა ამ ეტაპზე აღარ არის, ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დროებით შევაჩეროთ ვერტმფრენებით მუშაობა, ხოლო თუ ეს გახდა საჭირო 5 ვერტმფრენი მზადყოფნაში არის იმისთვის, რომ ჩაერთოს ისევ ხანძრის ქრობის პროცესში, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ღია კერები ჩვენ უკვე აღარ გვექნება”, – აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, ხანძრის გაჩენის მიზეზებთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია და სხვადასხვა ადგილებში საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.

“ახლა უკვე, რადგანაც სრული ლიკვიდაცია გვაქვს ჩვენ წაღვერის და ბორჯომის ხეობაში ხანძრის, ადგილზე ჩასულები არიან გამომძიებლები. ერთი ჯგუფი არის შესული ტყეში და ათვალიერებს შემთხვევის ადგილს”, – განაცხადა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიოზურგეთში ყოფილი სიდედრის, მეზობლის და 5 თვის ბავშვის დაჭრის ფაქტზე დაკავებული მამაკაცის ყოფილი მეუღლე შემთხვევის დეტალებს იხსენებს
შემდეგი სტატიაქეთი დოლიძე – კინომსახიობთა თეატრში გიორგი სიხარულიძეს ცხოვრებაში არც ერთი სპექტაკლი არ დაუდგამს