გიორგი მღებრიშვილი – აბასთუმნის ტყეში 4-5 კილომეტრამდე გზა გაიჭრა, რათა ტექნიკამ ხანძრის კერებამდე მისვლა შეძლოს

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, აბასთუმნის ტყეში ღამის განმავლობში 4-5 კილომეტრამდე გზა გაიჭრა, რათა ტექნიკამ ხანძრის კერებამდე მისვლა შეძლოს.

როგორც მღებრიშვილმა აბასთუმანში ჟურნალისტებს განუცხადა, ადგილზე ამ დროისთვის 1000-მდე ადამიანის შემადგენლობით ცოცხალი ძალა მუშაობს, თუმცა დამატებით ბრიგადებს ელოდებიან.

„წუხელ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ცეცხლის ქრობის პროცესი. ცოცხალი ძალა რჩებოდა ადგილზე. დღეს დილიდან უკვე დამატებითი ძალები იქნა გაგზავნილი. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის – გაიჭრა დაახლოებით 4-დან 5 კილომეტრამდე ახალი გზა ტყეში იმისთვის, რომ სპეცტექნიკამ მოახერხოს და ხანძრის კერების ადგილამდე მივიდეს. ასევე მოწყობილი იქნა ხელოვნურად ავზები იმისთვის, რომ ავიაციამ მოახერხოს და აიღოს წყალი. ცოცხალი ძალა, როგორც გითხარით, მობილიზებულია. 1000 კაცამდე უკვე ტყეშია. ჩვენ ველოდებით დამატებით ვერტმფრენებს და ავიაციის ჩართვას – ერთი ვერტმფრენი უკვე მუშაობს“, – განაცხადა შს მინისტრმა.

გიორგი მღებრიშვილის თქმით, სრულ კოორდინაციაშია ყველა სახელმწიფო უწყება, ვისაც ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლა ხელეწიფება.

„ასევე გამართული გვაქვს კავშირგაბმულობის სისტემა, ვინაიდან შიგნით ტყეში მობილური კავშირი არ არის, ძალიან გართულებულია და პრაქტიკულად, არ იჭერს ტელეფონები, მაგრამ ჩვენ რაციების საშუალებით ვუკავშირდებით ერთმანეთს და მთელი სისტემა აწყობილია. ხდება წყლის უწყვეტი მიწოდება ტყეში. ასე რომ, ჩვენ ვიმედოვნებთ, დღის მეორე ნახევრამდე კონკრეტულ შედეგებს დავდებთ“, – აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთში იმყოფება
შემდეგი სტატიაბორჯომის ხეობაში ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია