გიორგი მარგველაშვილს საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვს

თბილისის მერი კახა კალაძე, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გუშინდელ განცხადებას გასაოცარს უწოდებს და მიიჩნევს, რომ გიორგი მარგველაშვილს საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვს.

მისი თქმით, გადაწყვეტილებას, ვინ გახდება ქვეყნის პრეზიდენტი, მოსახლეობა მიიღებს.

„ცოტა გასაოცარი იყო მისი განცხადებები, რომელიც გუშინ მოვისმინეთ. ვფიქრობ, ცოტა ზედმეტად დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე. ზოგადად კი, მოსახლეობა მიიღებს გადაწყვეტილება. ხალხი ძალიან კარგად აფასებს არსებულ რეალობას და არჩევნები ყოველთვის რეალურ სურათს გვაჩვენებს. შესაბამისად, ყველა პოლიტიკურ პარტიას თუ პოლიტიკოსს, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა მიუჩენს ადგილს, რომელსაც ისინი იმსახურებენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება მარგველაშვილის განცხადებას, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მის მონაწილეობაზე პასუხის გაუცემლობით „ქართულ ოცნებას“ ეხმარება, თბილისის მერის თქმით, „ძალიან საინტერესოა, რომ მზრუნველი პრეზიდენტი გვყავს“.

„მადლობა გიორგი მარგველაშვილს, რომ ზრუნავს პარტია „ქართულ ოცნებაზე“. ძალიან სასიამოვნოა დამოკიდებულება, რომელიც მას გააჩნია, რომელიც არ აყენებს ჯერ კანდიდატურას, რომ პარტია „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინოს სერიოზული კანდიდატი. ძალიან საინტერესოა, რომ მზრუნველი პრეზიდენტი გვყავს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

გიორგი მარგველაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მის მონაწილეობაზე პასუხის გაუცემლობით ეხმარება როგორც „ქართულ ოცნებას“, ისე ოპოზიციას.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: საქართველოს პარლამენტი ძლიერდება სესიიდან სესიამდე
შემდეგი სტატია„ევროპულმა საქართველომ“ საპრეზიდენტო კანდიდატად დავით ბაქრაძე წარადგინა