გიორგი მარგველაშვილმა სლოვენიის ვიცეპრემიერი მიიღო

საქართველოსა და სლოვენიას შორის პოლიტიკური ურთიერთობები და აქტიური თანამშრომლობა საერთო ინტერესებსა და ღირებულებებზეა დაფუძნებული.

აღნიშნული განცხადება დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სლოვენიის რესპუბლიკის ვიცეპრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან კარლ ერიავეცთან შეხვედრისას გააკეთა და სტუმარს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისათვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

უმაღლესი დონის ვიზიტების გააქტიურება და სექტორული თანამშრომლობის გაღრმავებისა და განვითარების საკითხები განიხილეს დღეს ეკონომიკის, თავდაცვის, განათლების და კულტურის სფეროებში საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე ესწრებოდნენ.

მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს, ადამიანის უფლებების დარღვევებისა და გადაადგილების თავისუფლებების შეზღუდვის თვალსაზრისით შექმნილ მდგომარეობაზე გაამახვილეს ყურადღება და გიორგი მარგველაშვილმა სლოვენიას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

banner
წინა სტატიაში„სტრასბურგის გადაწყვეტილება საქართველოში მიღებული განაჩენების კანონიერებას არ ცვლის“
შემდეგი სტატიაბახტრიონის ქუჩაზე საცხოვრებელი ბინა იწვის