პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს რიგგარეშე სხდომის ჩატარების უფლება მისცა. პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულება უკვე გამოიცა.
“საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოწვეულ იქნეს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 2017 წლის 6 დეკემბრის 12 საათიდან, თანდართული დღის წესრიგით”, – წერია განკარგულებაში.
პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბიუროს სხდომაზე თქვა, უმრავლესობას სურს, რომ პარლამენტი 6 დეკემბერს 12:00 საათზე რიგგარეშედ შეიკრიბოს.
“შეკრების მიზანია მთავრობაში განსახორციელებელ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული კანონპროექტების პაკეტის განხილვა და მიღება სამი მოსმენით”,- განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ პაკეტში 99 პროექტია წარმოდგენილი.
პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებების შესახებ 13 ნოემბერს განაცხადა. ცვლილებების მიხედვით, რამდენიმე სამინისტრო სხვა უწყებებთან ერთიანდება.