გიორგი მარგველაშვილმა მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა გახსნა და ცერემონიაში მონაწილე ცნობილ სპორტსმენებსა და საპატიო სტუმრებს „ბლექ სი არენის“ სცენიდან მიმართა:

“მოგესალმებით 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მონაწილეებო, სპორტსმენებო, მწვრთნელებო, ჩვენი ქვეყნის სტუმრებო, ძვირფასო გულშემატკივრებო!

საქართველო და მისი ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი ბათუმი უდიდეს სპორტულ ღონისძიებას – საჭადრაკო ოლიმპიადას მასპინძლობს. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს ოლიმპიადა არა მხოლოდ ჩვენი მოჭადრაკეებისთვის, მთელი ქვეყნისთვის დიდი ზეიმია.

საქართველო ცნობილია სტუმართმოყვარეობით და დარწმუნებული ვარ, რომ ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი, ასევე საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ღირსეულად უმასპინძლებს ამ ღირშესანიშნავ ტურნირს.

ჭადრაკი, ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ჩვენ სამართლიანად ვამაყობთ ლეგენდარული ჩემპიონებით: ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი და ქალბატონი მაია ჩიბურდანიძე 5-5-ჯერ ფლობდნენ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს, ქალბატონი ნანა ალექსანდრია კი მსოფლიოს ორგზის ვიცეჩემპიონია. საჭადრაკო ოლიმპიადის 6- გზის გამარჯვებული. საერთო ჯამში საჭადრაკო დედოფლის გვირგვინი 30 წლის განმავლობაში საქართველოში ინახებოდა! მინდა ვისურვო, რომ უახლოეს ხანებში საქართველომ კიდევ ერთხელ გაიხაროს მსოფლიო ჩემპიონობით.

ოლიმპიადა გუნდური შეჯიბრებაა და ქართული ჭადრაკის ისტორიას არაერთი ტრიუმფი ახსოვს: საქართველოს დროშის ქვეშ მოგებული 4 ოლიმპიადა, მსოფლიოს ჩემპიონობა…მესმის, რომ საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ასპარეზობა ორმაგად საპასუხისმგებლო და რთულია, მაგრამ შინ გამარჯვებით გამოწვეული სიხარულიც უდიდესია.

მსურს საქართველოს ვაჟ და ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებ გუნდებს წარმატებული ასპარეზობა ვუსურვო, აჭარის, ბათუმის სტუმრებსა და ოლიმპიადის მონაწილეებს კი სასიამოვნო დღეების გატარება“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

ცერემონია გალა კონცერტით დასრულდა, რომელშიც ქართველი მომღერლები, მუსიკოსები და მოცეკვავეები მონაწილეობდნენ. ბათუმის ოლიმპიადაში, რომელიც 6 ოქტომბრამდე გაგრძელდება, პირველობისთვის 190 ქვეყნის წარმომადგენელი იბრძოლებს.

banner
წინა სტატიაშითამარ ჩუგოშვილი : ვანო მერაბიშვილი იღებს იმ სტანდარტის მკურნალობას, რაც უნდა მიიღოს საქართველოში ნებისმიერმა მსჯავრდებულმა
შემდეგი სტატიასახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტებზე შვიდი მეწარმე სუბიექტი პასუხისგებაში მისცეს