გიორგი მარგველაშვილმა დაადასტურა მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს მოქმედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შესახებ

ექსპრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დაადასტურა მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს მოქმედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შესახებ.

გიორგი მარგველაშვილმა მთავარი არხისთვის მიცემულ კომენტარში აღნიშნა, რომ პოლიტიკურ მემკვიდრესთან არაერთი საკითხი განიხილა, მათ შორის კი იყო სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი ინიციატივა ე.წ “ინკლუზიური გარემოს” შექმნაზე, რომლის მიზანსაც პოლიტიკური აქტორების შერიგება წარმოადგენს.

“შევხვდი საქართველოს პრეზიდენტს. ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან ვისაუბრეთ არაერთ საკითხზე, რომლის განხილვასაც ეთერში არ ვაპირებ და, ბუნებრივია, მათ შორის იმ მნიშვნელოვან პროცესზე, რომელიც დაიწყო ქალბატონმა სალომემ და მიმაჩნია, რომ ეს არის უაღრესად დროული და ადეკვატური პოზიცია ქალბატონი პრეზიდენტის, რომელიც დღეს, მისი თაოსნობით იწყება”. – თქვა გიორგი მარგველაშვილმა.

ექსპრეზიდენტის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ის მიესალმება სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას, აპირებს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულოს პატიმრობაში მყოფი მისი წინამორბედი, მიხეილ სააკაშვილი.

“აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილი მაქვს, რომ შევხვდე აგრეთვე საქართველოს მე-3 პრეზიდენტს და დღეს ოფიციალურად მივმართავ შესაბამის უწყებებს, რომ მომცენ ბატონ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შესაძლებლობა. სამწუხაროდ, ქართულ კანონმდებლობაში ამ მიმართულებითაც ყოფილ პრეზიდენტს არანაირი პრივილეგია არ გააჩნია და უფლებები. იმედი მაქვს, რომ შესაბამისი უწყებები მომცემენ შესაძლებლობას, რომ შევხვდე საქართველოს მესამე პრეზიდენტს”. – ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 10 დეკემბერს აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოვიდა. მისი თქმით, დღეს დემოკრატია გამოწვევების წინაშე დგას და, ფაქტობრივად, მის წინააღმდეგ ომია გამოცხადებული.

სიტყვით გამოსვლის ბოლოს, ზურაბიშვილი პოლარიზაციის გადაჭრის საკითხს შეეხო და დადო პირობა, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს “უახლესი ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად” და წინ წასასვლელად. საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ “შერიგების პროცესის” ვალდებულება აიღო.

16 დეკემბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნაძვის ხის გახსნის ცერემონიალზე ორბელიანების სასახლეში მიღებაზე მიიწვია ქართული ოცნებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები და მათ “ეროვნული თანხმობის პროცესზე” ესაუბრა. ოპოზიციის ნაწილი მიღებაზე არ მივიდა.

banner
წინა სტატიაშითურნავა: გათენდება ახალი წელი და კვლავ მოგევლინებით ეკონომიკის მინისტრად
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – დაინტერესებული ვართ, რომ რეგიონში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა – საქართველო ყოველთვის მოტივირებულია, რომ ამ პროცესში შეასრულოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი