გიორგი მარგველაშვილმა ბაქოს V გლობალური ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბაქოს V გლობალური ფორუმის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

გიორგი მარგველაშვილმა 50-ზე მეტი ქვეყნის მოქმედ და ყოფილ ლიდერს სიტყვით მიმართა და ყურადღება მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე, საერთაშორისო ურთიერთობების დღის წესრიგსა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე გაამახვილა.

პრეზიდენტის განცხადებით, სწრაფად ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში ჩვენ მუდმივად ვდგავართ ისეთი გლობალური საფრთხეების წინაშე, როგორებიცაა ტერორიზმი და ექსტრემიზმი, შეიარაღებული კონფლიქტები და ჰიბრიდული ომები.

ამასთან, მარგველაშვილმა გლობალიზაციის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გლობალიზაცია ხელსაყრელ გარემოს ქმნის თითოეული სახელმწიფოსათვის, რათა მიიღოს სარგებელი საერთო თანამშრომლობისგან.

მისივე განცხადებით, დაუცველ მსოფლიოში საერთაშორისო თანამეგობრობის რეაგირებას პირდაპირი გავლენა აქვს მომავალ მოვლენებსა და უსაფრთხოების გარემოზე.

გიორგი მარგველაშვილმა საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გამოსვლისა და დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველო რუსეთის მხრიდან არაერთი საფრთხის წინაშე დადგა, რამაც საბოლოო კულმინაციას საქართველოს ტერიტორიების უკანონო ანექსიით მიაღწია. საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო დროს განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე გაამახვილა.

პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნებმა, მიუხედავად მათი ზომისა და ორიენტაციისა,მეზობელი სახელმწიფოების მიმართ პატივისცემა უნდა გამოიჩინონ.

ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოთა საერთო პრობლემებიდან გამოსავალი ერთობასა და საერთო ღირებულებების, ფასეულობების დასაცავად ერთიან ძალისხმევაშია. ასევე, ხაზი გაუსვა საქართველოს აქტიურ ჩართულობას საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ავღანეთსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.

პრეზიდენტმა ფორუმზე რეგიონში მიმდინარე პროექტებიც მიმოიხილა და აღნიშნა, რომ კავკასიის რეგიონი უმნიშვნელოვანესია სატრანსპორტო და ლოგისტიკის სფეროებში მჭიდრო თანამშრომლობის განვითარება. საქართველოს და აზერბაიჯანის მტკიცე პარტნიორობა ჩვენი ქვეყნის სურვილის ნათელი მაგალითია, გავაძლიეროთ რეგიონი და ამ გზით შევქმნათ თანამშრომლობის საერთო სივრცე.

გიორგი მარგველაშვილთან ერთად, სესიაზე დამსწრე საზოგადოებას მონტენეგროს, მაკედონიის რესპუბლიკის, ალბანეთის, ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტებმა და საუდის არაბეთის პრინცმაც მიმართეს.

სიტყვით გამოსვლების შემდეგ დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ღონისძიების დასრულების შემდეგ, ბაქოს V გლობალურ ფორუმში მონაწილე დელეგაციათა ხელმძღვანელების პატივსაცემად სამუშაო ლანჩი გაიმართა.

banner
წინა სტატიაშიმშენებლობის ნებართვა 10 000$-ს სანაცვლოდ – თაღლითობის მცდელობის ფაქტზე 2 პირი დააკავეს
შემდეგი სტატიადავით სერგეენკო : ივნისიდან საყოველთაო დაზღვევა დიფერენცირებული ხდება