გიორგი მარგველაშვილი – ველით, რომ ნატო-ს სამიტზე მივაღწევთ საქართველოს პროგრესის შესაბამის აღიარებას და მნიშვნელოვან ნაბიჯს წინ, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე

საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე, დღეს საბჭოს მუდმივმა წევრებმა 11-12 ივლისის ბრიუსელში დაგეგმილი ნატო-ს სამიტისთვის მზადების პროცესში საქართველოს ხელისუფლების კოორდინაციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
როგორც სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, მნიშვნელოვანია პოზიციების შეჯერება ნატოს სამიტის წინ, რომელზეც კიდევ ერთხელ უნდა გადაიდგას ნაბიჯი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მიმართულებით.
“ამ თვალსაზრისით, მოგახსენებთ უკვე მიღწეულ წარმატებაზე, რაც ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგია, მათ შორის, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალიან აქტიური მუშაობის შედეგია. რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ორივე უმაღლესი დონის შეხვედრაზე, რომელსაც არაწევრი ქვეყნები ესწრებიან, – RSM -ისა და რეგიონალური უსაფრთხოების მიმართულებით, საქართველო იქნება წარმოდგენილი. ეს არის უპრეცენდენტო მიღწევა, რომ საქართველოს უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელებენ ნატო-ს ქვეყნის ლიდერები- აი ამ დონეზე იქნება შეხვედრა.
ჩვენ ველით, რომ ამ შეხვედრებისა და ნატო-ს სამიტის ფარგლებში დაგეგმილი ორმხრივი შეხვედრების შედეგად, ჩვენ მივაღწევთ საქართველოს პროგრესის შესაბამის აღიარებას და მნიშვნელოვან ნაბიჯს წინ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე. ახლაც მიმდინარეობს მუშაობა, როგორ იქნება ასახული მთავარ კომუნიკეში საქართველოს უსაფრთხოების საკითხები ჩვენ ვითხოვთ ნატოს წევრობას და ყველა იმ ადეკვატურ ნაბიჯს, რომელიც ამ პროცესს დააჩქარებს. ამ მიმართულებით ჩვენი მუდმივი ურთიერთობა ჩვენს პარტნიორებთან იწყება ამ საკითხით და ჩვენი მტკიცების, ასე ვთქვათ, ლოგიკა მდგომარეობს შემდეგში, ნატო და გლობალურად რეგიონი იქნება უფრო დაცული, როდესაც საქართველო იქნება ნატოს წევრი.
მთავარ, ანუ პასუხისმგებლობის საკითხთან დაკავშირებით, რაც დღეს ნატო-ში განიხილება, ჩვენ მართლაც ერთერთი გამორჩეული ქვეყანა ვართ, არა მარტო ასპირანტ ქვეყნებს შორის, არამედ ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორის. მნიშვნელოვანია ჩვენი, როგორც საერთაშორისო აქტორის ძალიან პასუხისმგებლიანი როლი, როდესაც საქმე ეხება საერთაშორისო მისიებს და გლობალურ გამოწვევებს.
ჩვენ ამ თვალსაზრისით ძალიან წელში გამართული მივდივართ ნატო-ს სამიტზე. ჩვენი მტკიცება მდგომარეობს შემდეგში: ჩვენ ვართ ამ პროცესის პასუხისმგებლიანი წევრი. პროცესის, რომელიც ჩვენ თექვსმეტი წლის წინ დავიწყეთ და ათი წლის წინ მივიღეთ დაპირება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. ამ კონტექსტში და იმ სიმტკიცის კონტექსტში, რომელსაც ჩვენი ქვეყანა იჩენს, საქართველოს პროგრესი უნდა დაჩქარდეს. ეს არის საკითხი, რომელზეც ჩემს ყველა კოლეგასთან ვსაუბრობ.
აქვე მინდა აღვნიშნო ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე, ამ პროცესში საქართველოს ჰყავს ბევრად მეტი, ძალიან მტკიცე მეგობარი, ვიდრე სხვა ქვეყნებს ჰქონდათ, როდესაც ისინი ამ გზას გადიოდნენ. ძალიან ბევრი ქვეყანა მტკიცედ, ყოველგვარი კითხვის ნიშნის გარეშე საუბრობს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების სრულ მხარდაჭერაზე. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს, იმიტომ რომ სხვებმა უფრო რთული გზა გაიარეს და მათ ნაკლები მხარდამჭერი ჰყავდათ. თქვენ იცით, რომ აშშ-სთან მიმართებით ჩვენ ძალიან მზარდი დინამიური პროცესი გვაქვს.
საქართველოს მხარდამჭერი აქტი, უკვე დარეგისტრირდა როგორც იურიდიული დოკუმენტი და ეს დინამიკა შთამბეჭდავია, რადგან ამ იდეის შეთავაზება სულ სამი თვის წინ მოხდა. ასევე, განვიხილეთ ის საკითხები, რომლებსაც აშშ-ს პრეზიდენტი წამოწევს ნატო-ს კონტექსტში. საქართველო ამ თვალსაზრისით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთერთი სამაგალითო ქვეყანაა, როგორც პასუხისმგებლობის გაზიარების, ისე თავდაცვის მიმართულებით ჩვენი ტვირთის აღების თვალსაზრისით. ამ სამიტზე არსებულ კითხვის ნიშნებზე ჩვენ ერთერთი დამაჯერებელი პასუხი გაგვაჩნია”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
საბჭოს წინაშე მოხსენებებით წარდგნენ: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია: ფრთხილად პატივცემულო პრემიერ – მინისტრო, ფრთხილად!!!
შემდეგი სტატიატრამპმა კიმ ჩენ ინს ელტონ ჯონის “ადამიანი-რაკეტა” გაუგზავნა