გიორგი მარგველაშვილი ვაშინგტონში დონალდ ტუსკს და ფედერიკა მოგერინის შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, აშშ-ი ვიზიტის ფარგლებში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინის შეხვდა.

შეხვედრისას მხარეებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო განიხილეს, საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას, ვიზალიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობას და ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს.

გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას, კონკრეტულად კი, ტერორისტულ აქტს ბრიუსელში, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან სათანადო რეაგირებას საჭიროებს. საქართველო მხარში უდგას ევროკავშირს და მზადაა გააგრძელოს ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ.

„შეშფოთებული ვარ სწრაფად მზარდ საფრთხეებთან დაკავშირებით. საქართველო, როგორც ევროკავშირის საიმედო პარტნიორი, მოწოდებულია სრულად და საუკეთესო გამოცდილების მიხედვით გამოიყენოს ევროკავშირთან თანამშრომლობის ყველა შესაძლო ინსტრუმენტი, რათა დაუპირისპირდეს ჰიბრიდული ომის ახალ საფრთხეებს, გლობალურ ტერორიზმსა და კიბერ-თავდასხმებს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო მზადაა გააგრძელოს აქტიური მონაწილეობა ევროკავშირის მიერ წარმოებულ კრიზისის მართვის ოპერაციებში და წვლილი შეიტანოს ევროკავშირის გლობალური სტრატეგიის შემუშავების პროცესში.

საქართველოს პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ლტოლვილთა კრიზისი და ტრაგიკული მოვლენები ბრიუსელში უარყოფით ზეგავლენას არ მოახდენს საქართველო-ევროკავშირის სავიზო დიალოგის წარმატებით დასრულებაში.

„ამ კონტექსტში, ჩვენ მოუთმენლად ველით ევროპული საბჭოსა და ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას ევროკომისიის მიერ წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირის წესდებაში შესაბამისი ცვლილების მიღებას. გვჯერა, რომ საქართველოსთვის მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმი იქნება წამახალისებელი მოდელი ევროკავშირის სხვა პარტნიორი ქვეყნებისათვის, და ეს გახდება იმის დემონსტრირება, რომ რეფორმები ხელშესახებია და სახელმწიფოები “მეტი მეტის სანაცვლოდ“ პრინციპის შესაბამისად იმოქმედებენ“, -განაცხადა პრეზიდენტმა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, საქართველო განაგრძობს რუსეთის მიმართ რაციონალურ მიდგომებს, თუმცა პოლიტიკურ დისკუსიებში ძალიან მცირე პროგრესი შეინიშნება. საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უკიდურესად შეშფოთებულია რუსეთსა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს შორის ე.წ. “ხელშეკრულების” გაფორმების შედეგად უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გამწვავების გამო, ასევე რუსეთის მიერ ე.წ “საზღვრის ნიშნების“ – მავთულხლართების გაბმის პროცესისა და ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციის გამო.

საქართველო უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შენარჩუნებას და დააფასებს ევროკავშირის მხარდაჭერას მისი მანდატის გაგრძელების შესახებ.

banner
წინა სტატიაშითბილისში ხვალ ძლიერი ქარია მოსალოდნელი
შემდეგი სტატია“მინიმალურად აუცილებელი რეგულაციებით დავიწყებთ, რათა ტაქსების სექტორში მდგომარეობა მოვაწესრიგოთ”