გიორგი მარგველაშვილი: უსაფრთხოება დღეს ჩემი ქვეყნის და რეგიონის მთავარი საზრუნავია

საქართველოს პრეზიდენტი თბილისში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა და ეუთოს 57 წევრი ქვეყნის 600-ზე მეტ სტუმარს მიმართა.

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველო მის წინაშე არსებული სირთულეების მოგვარებას სამხედრო გზით არ შეეცდება.

გიორგი მარგველაშვილმა ყველა მხარეს სიტუაციის დარეგულირების პროცესში ჩართვისაკენ მოუწოდა.

„მნიშვნელოვანია, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესია თბილისში ტარდება, ქვეყანაში, რომელმაც 25 წლის წინ გააკეთა უმნიშვნელოვანესი ისტორიული არჩევანი და მტკიცედ, მთელი მსოფლიოს გასაგონად განაცხადა ქართველი ერის ნება – ააშენოს თანამდეროვე, დემოკრატიული, ადამიანის უფლებებზე დამყარებული ევროპული ტიპის სახელმწიფო. ადამიანის უფლებების დაცვა, თანამშრომლობისა და მოლაპარაკებების გზით სვლა – ეს ის ღირებულებებია, რომელმაც ოთხი ათეული წლის წინ გააერთიანა კაცობრიობა და ამ გაერთიანების შედეგად მოგვცა ჰელსინგის პროცესი, პროცესი, რომელიც ემსახურა ევროპას და მსოფლიოს იმისთვის, რომ რთული და კონფლიქტური სიტუაციები განტვირთულიყო მოლაპარაკებების, ერთმანეთთან შეთანხმების მიღწევის გზით”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო ეუთო-ს პროცესის აქტიური მონაწილეა და სჯერა, რომ ნებისმიერი ტიპის პრობლემები და დაძაბულობა შესაძლებელია მოიხსნას ინტენსიური დიალოგით.

„იმ საჭიროებებზე და ღირებულებებზე მსჯელობით, რომელიც დაპირისპირებულ მხარეებს გააჩნიათ. საქართველომ მტკიცედ განაცხადა და ამას კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ არც ერთ შემთხვევაში, იმ სირთულეების მოგვარებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებობს სამხედრო გზით არ შევეცდებით. მოვუწოდებ ყველა მხარეს, რომ ასევე მტკიცედ ჩაერთოს მოლაპარაკებების და სიტუაციის დარეგულირების პროცესში. უსაფრთხოება დღეს ჩემი ქვეყნის და რეგიონის მთავარი საზრუნავია. სამწუხაროდ, დღეს ევროპაში და მათ შორის საქართველოში არ არის ბოლომდე დაცული ის პრინციპები, ის სულისკვეთება, რომელიც ჩვენ ყველას, ეუთო-ს წევრებს გვაერთიანებს. ჩემი ქვეყანა ოკუპირებულია და ოკუპირებული რეგიონების გასწვრივ გავლებულია გამყოფი ხაზები. ხაზები, რომელიც არ აძლევს შესაძლებლობას ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს თვისუფლად გადაადგილდეს, ისაუბროს თავის ენაზე, ისწავლოს თავის ისტორია, იყოს ჩართული ქვეყნის ერთობლივი აღმშენებლობის საქმეში, მაგრამ გარად იმისა, რომ ცალკეული ქვეყნების სუვერენიტეტი დარღვეულია, რეალურად ასეთი პროცესის გაღრმავება შესაძლებელს ხდის ისეთი ურთულესი პრობლემების გაღრამვებას, როგორიც არის ტერორიზმი , ნარკოტრაფიკი, ბირთვული ნარჩენებით უკანონო ვაჭრობა”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, საქართველო, მზადაა მოლაპარაკებებისთვის, ვითარების მოგვარებისთვის და აქტიური კონტრიბუტორია გლობალური უსაფრთხოებისა და მშვიდობის განმტკიცების საქმეში.

“ჩვენ ეუთო-სთან ვთნამშრომლობთ არამარტო უსაფრთხოების კონტექტსში. ჩვენი ქვეყანა ევროპული და აზიური რეგიონის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია თანამშრომლობის შესაძლებლობების გახსნის მიმართულებითაც. საქართველო როგორც სატრანზიტო ქვეყანა, ქმნის საინტერესო შესაძლებლობებს ევროპული და აზიური ბაზრებისათვის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ის კონტექსტი, რომელიც დემოკრატიული პროცესის გაღრამვებას ეხება. ამ თვალსაზრისით, ჩვენი თნამშრომლობა ეუთო-ს სტრუქტურებთან ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს დღესაც მომავალი საპარლამენტო არჩევნების კონტექტსში. ჩვენ ყურადღებით ვუსმენთ ჩვენი კოლეგების კომენტარებს, ვაანალიზებთ რჩევებს და მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ჩვენ ველოდებით თქვენს ძალიან აქტიურ ჩართულობას, თანამშრომლობას იმისთვის, რომ ჩვენი საზოგადოების და სახელმწიფოს მთავარი შეკვეთა – განვახორციელოთ და ჩამოვაყალიბოთ ფუნქციური დემოკრატიის ღირებულებებზე და იდეალებზე დამყარებული საარჩევნო პროცესი“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდეტმა სესიის გახსნაზე.

დამოუკიდებლობის 25 წლიანი ისტორიის მანძილზე საქართველო პირველად მასპინძლობს მსგავსი მასშტაბისა და მნიშვნელობის პოლიტიკურ მოვლენას – მსოფლიოში უდიდესი უსაფრთხოების ორგანიზაციის საერთაშორისო საპარლამენტო ფორუმს, რომლის თემაა „ 25 – წლიანი საპარლამენტო თანაშრომლობა: ნდობის შენება დიალოგით“.

banner
წინა სტატიაშიდარიალის ხეობაში გზის აღდგენითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაეკა ბესელია: აჰმედ ჩატაევი მაშინ გაათავისუფლეს, როცა სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი იყო