გიორგი მარგველაშვილი უნგრეთის პრემიერმინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ უნგრეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და პრეზიდენტის მრჩევლები ესწრებოდნენ. უნგრეთის მხარეს კი, უნგრეთის რესპუბლიკის ხელისუფლების წევრები წარმოადგენდნენ.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ვიქტორ ორბანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისათვის.

შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესის და ნატო-ს მომავალი სამიტის შესახებ ისაუბრეს.

უნგრეთის პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო რეგიონში ერთერთ მნიშვნელოვან ქვეყანას წარმოადგენს და იგი ევროპული ცივილიზაციის ნაწილია, რომელსაც ძლიერი იდენტობა გააჩნია.

ვიქტორ ორბანმა დაადასტურა უნგრეთის ინტერესი და სურვილი საქართველოსთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების და ვაჭრობის უფრო მეტად წახალისების მიმართულებით. საუბარი შეეხო ასევე, განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხებსაც.

შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ პოტენციალზე, საქართველოზე, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი, სატრანზიტო ქვეყნის მნიშვნელობაზე.

როგორც უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, უნგრეთის პრემიერმინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა ნატო-ს მომავალ სამიტზე საქართველოს პოზიციების მხარდასაჭერად.

„ორბანმა ასევე აღნიშნა, რომ ის ხედავს საქართველოს ერთიან, ევროპულ სივრცეში, როგორც უსაფრთხოების თვალსაზრისით, ისე ევროპისათვის ერთერთ უმნიშვნელოვანეს სავაჭრო -გეოპოლიტიკურ პარტნიორად“, – აღნიშნა დავით რაქვიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიასადი თურქეთს ტერორისტებისათვის ქიმიური იარაღის მიწოდებაში სდებს ბრალს
შემდეგი სტატიაპარიზის ტერაქტში ეჭვმიტანილი ბრალდებას უარყოფს