გიორგი მარგველაშვილი UNESCO-ს გენერალურ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საფრანგეთში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, UNESCO-ს სათაო ოფისში UNESCO-ს გენერალურ დირექტორს ირინა ბოკოვას შეხვდა.

შეხვედრისას განიხილეს განათლების, კულტურისა და მეცნიერების სფეროში UNESCO-საქართველოს პარტნიორობის გაღრმავების საკითხები.

UNESCO-ს გენერალური დირექტორის ირინა ბოკოვას განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან მსგავსი მაღალი დონის ვიზიტი საქართველოდან პირველად განხორციელდა.

“უკვე 20 წელია საქართველოსთან ვთანამშრომლობთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში. ჩვენ ვისაუბრეთ ძველი ქართული კულტურის მნიშვნელობაზე, ქართული ანბანის, საკათედრო ტაძრების, ასევე არამატერიალური მემკვიდრეობის შესახებ. გავაცანით პრეზიდენტს “იუნესკოს” საქმიანობა განათლების მიმართულებით. განვიხილეთ უმაღლესი განათლების დიპლომების ორმხრივი აღიარებისა და განათლების მიმართ ახალგაზრდების ხელმისაწვდომობის საკითხები. ყველა ამ სფეროში ვფიქრობ, რომ ორმხრივი თანამშრომლობის დიდი პოტენციალი არსებობს”,- განაცხადა ირინა ბოკოვამ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ UNESCO-საქართველოს პარტნიორობის გაღრმავების საკითხში მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის საკითხი, რომელიც საკვანძო პრიორიტეტების ნუსხაშია.

საქართველოს პრეზიდენტმა ღრმა შეშფოთება გამოხატა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების განათლების უფლებების დარღვევასთან დაკავშირებითაც.

საქართველოს პრეზიდენტმა UNESCO-ს გენერალურ დირექტორს მადლობა დაგაუხადა 1992 წლიდან UNESCO-ს ფინანსური და ინტელექტუალური მხარდაჭერისათვის.

საქართველოს პრეზიდენტმა ასევე მადლობა გადაუხადა ირინა ბოკოვას ცნობილი ქართველი პიანისტის ელისო ბოლქვაძის UNESCO-ს მშვიდობის ელჩად დანიშვნასთან დაკავშირებით.

თავის მხრივ ირინა ბოკოვამ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს UNESCO-ს 70 წლისთავისადმი მიძღვნილი გალაკონცერტის მხარდაჭერისათვის, რომელიც ბათუმის საერთაშორისო მუსიკის ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით გაიმართა.

შეხვედრის ბოლოს მხარეებმა საჩუქრები გაცვალეს. საქართველოს პრეზიდენტმა UNESCO-ს გენერალურ დირექტორს საჩუქრად ახ.წ.აღ. I-III საუკუნეებში რაჭაში აღმოჩენილი ბრინჯაოს ჭვირული ბალთის ასლი გადასცა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციის წევრები-პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე და საქართველოს ელჩი საფრანგეთში ეკა სირაძე-დელონი.

banner
წინა სტატიაშიმანანა კობახიძე აცხადებს, რომ თუ ოპოზიციას არ სურს დაფინანსება, არც ინიცირება მოხდება და არც განხილვა
შემდეგი სტატიათბილისში რძალ-დედამთილის ცხედრები იპოვეს