გიორგი მარგველაშვილი – წინასაარჩევნო კურიოზად ჩავთვალოთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ უპარტიო კანდიდატს ასახელებს

წინასაარჩევნო კურიოზად ჩავთვალოთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ უპარტიო კანდიდატს ასახელებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ თვითონაც უპარტიო კანდიდატი იყო, რომელსაც მმართველმა პარტიამ მხარი დაუჭირა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე და ამის გამო მმართველი გუნდი 5 წლის განმავლობაში აყვედრიდა, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებებზე ხელი უნდა მოეწერა.

„მე როგორც ვხვდები, „ქართული ოცნების“ კანდიდატი ბუნებაში არ არსებობს. მე ამდენი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდი, რომ „ქართული ოცნება“ ვერ დააყენებს კანდიდატს, იმიტომ, რომ ამ კანდიდატმა მთელი ეს თემები – ვეტოს თუ გამოიყენებ, მტერი ხარ, სასახლეში თუ შეხვალ, მოღალატე ხარ – თავის თავზე უნდა აიღოს და ხელი მოაწეროს, რომ იქნება მორჩილი და ყველაფრის შემსრულებელი. დღეს საუბარია, რომ იქნება არაპარტიული კანდიდატი, რომელსაც თურმე მმართველი პარტია დაუჭერს მხარს. ამ ფენომენთან დაკავშირებით მინდა ყურადღებით დააკვირდეთ – რა განსხვავება იქნება ამ კანდიდატსა და ჩემს შორის? როდესაც მე ვიყავი საპრეზიდენტო კანდიდატი, ზუსტად ასე, არ ვიყავი არც ერთი პარტიის წევრი და მმართველი პარტია მიჭერდა მხარს. შესაბამისად, იმ კანდიდატმა და „ქართულმა ოცნებამ“ უნდა უპასუხოს ერთ მნიშვნელოვან კითხვას – 5 წლის განმავლობაში მე რომ მაყვედრიდა მმართველი პარტია, რომ თურმე ჩემს გვერდით იდგა არჩევნებში და აქედან გამომდინარე, რომ მეუბნებოდა, ყველაფერზე ხელი უნდა მომეწერა, რასაც მმართველი პარტიის პოლიტსაბჭო გადაწყვეტდა, რანაირ დამოუკიდებელ კანდიდატზე გვაქვს საუბარი?!“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ, მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ რომელიმე კონკრეტულ კანდიდატზე ვერ ისაუბრებს, მით უმეტეს, თუ ადამიანს თავისი თავი არ დაუფიქსირებია, როგორც კანდიდატი.

„2013 წელს, როდესაც მე მხარს მიჭერდა „ქართული ოცნება“, არ ვიყავი არც „ქართული ოცნების“ და არც სხვა პარტიის წევრი, ანუ ვიყავი ის დამოუკდებელი კანდიდატი, რომლის ხელახლა გადაფუთვასაც დღეს ცდილობს მმართველი პარტია. ამ დამოუკიდებელ კანდიდატს ხუთი წლის განმავლობაში იმას აყვედრიდნენ, რომ პარტიის ერთგული არ იყო. შესაბამისად, ეს კურიოზი, რომ გეტყვიან დამოუკიდებელი კანდიდატიაო, მაგრამ მის უკან იდგება პარტია, არ გაიყიდება არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ. უნდა ვაღიაროთ, რომ სხვა ადამიანებსაც გააჩნიათ ინტელექტი, ანალიზის უნარიც და ყველა შეაფასებს იმას, რაც მომხდარა. შესაბამისად, ლაპარაკი იმაზე, რომ დამოუკიდებელ კანდიდატს უჭერს პარტია მხარს, პოლიტიკურ ოქსიმორონად მიმაჩნია“, -დასძინა მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“შევარდნაძის ხელისუფლებასაც კი ჰქონდა უფრო მაღალი რეიტინგი ვიდრე აქვს „ქართულ ოცნებას”-ოპოზიცია NDI-ის კვლევის შედეგებს აფასებს
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი – პარტიული ცხოვრებით აქამდეც არ მიცხოვრია და დავით უსუფაშვილს ვუთხარი, რომ მომავალშიც არ ვაპირებ