გიორგი მარგველაშვილი – თქვენ უნდა აიღოთ პასუხისმგებლობა ქვეყნის გამოწვევებზე და სირთულეებზე, რადგან ეს ქვეყანა დღეს და ამ წუთას არის თქვენი!

საქართველოს პრეზიდენტი დღეს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) კურსდამთავრებულებისთვის დიპლომების გადაცემის 23-ე საზეიმო ცერემონიას დაესწრო.
საქართველოს პრეზიდენტმა მიმართვაში კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება და მიღებული ცოდნის მაქსიმალურად გამოყენების შესაძლებლობა უსურვა.
“მინდა მივმართო კურსდამთავრებულებს, იმ ადამიანებს, ვინც ხვალ საქართველო უნდა გააძლიეროს და მინდა მივმართო სწორედ აი იმ ემოციური დასაწყისიდან, რომელიც ჩვენ ვნახეთ, ძალიან საინტერესო იყო მოწოდება მხატვრულად, იმ ლოზუნგის, რომლის ირგვლივაც შეიქმნა ჯიპა.
მე გამახსენდა, როცა ჩვენ ვფიქრობდით რა სლოგანი, რა ლოზუნგი აგვეღო ჩვენი ინსტიტუტისთვის და ეს იყო რომ ამ დროშის ქვეშ გაიმარჯვებ. და რა არის ეს დროშა, რომლითაც და რომლის ქვეშაც თქვენ გაიმარჯვებთ.
თქვენ გაქვთ დღეს ცოდნა, თქვენ გაქვთ ღირებულებათა სისტემა. სამყაროში მიმდინარე პროცესებს თქვენ სწორ ჩარჩოებში ხედავთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარი რაც თქვენ გაგამარჯვებინებთ, არის გამბედაობა და პასუხისმგებლობა, რომელიც თქვენ უნდა გქონდეთ თქვენი ქვეყნის წინაშე.
ხვალინდელი დღე ნიშნავს იმას, რომ თქვენ ახლავე უნდა აიღოთ პასუხისმგებლობა ქვეყანაზე, თქვენ უნდა აიღოთ პასუხისმგებლობა იმაზე, რაც დღეს მოხდა, როდესაც პატარა ბავშვი დაიღუპა, თქვენ უნდა აიღოთ პასუხისმგებლობა იმ სირთულეებზე რაც ქვეყანას აქვს, თქვენ უნდა აიღოთ პასუხისმგებლობა იმ გამოწვევებზე, რაც ოკუპირებული ქვეყნის წინაშე დგას. თქვენ უნდა აიღოთ პასუხისმგებლობა იმ სირთულეებზე, რომელიც ყოველდღიურად გხვდებათ, თქვენ არ უნდა დაელოდოთ ზეგიდნელ დღეებს. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ეს ქვეყანა დღეს და ამ წუთას არის თქვენი, ამისთვის თქვენ გაქვთ ცოდნა, ამისთვის თქვენ გაქვთ ღირებულებები, ამისთვის თქვენ გაქვთ სტატუსი”,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისადმი გვერდით გადგომა, თქმა, იმისა, რომ ეს პროცესები კონკრეტულად თქვენ არ გეხებათ, არის ის რაც საკუთარი ქვეყნის შეგრძნებას და პერსპექტივის შეგრძნებას გაკარგვინებთ.
“თუ დღეს ჩვენს საზოგადოებაში ვინმე დაჩაგრულია, თუ ვინმეს თავისუფლებას ზღუდავენ, თუ ვინმეს არ აქვს პერსპექტივა, ეს დღეს თქვენი თემაა, ეს ის არის, რასაც თქვენ დღეს უნდა შეეხოთ.
თქვენ ვერ ჩამოყალიბდებით ძლიერ ადამიანებად, თუ სხვა ადამიანის სირთულე, სხვა ადამიანის გასაჭირი აღმოჩნდა თქვენთვის აბსტრაქტული ფენომენი. თუ თქვენი სამსახურის სიბრტყეში ჩაკეტილები იფიქრებთ მარტო იმაზე, რა დაგავალათ თქვენმა უშუალო უფროსმა, ან რა პროექტს ახორციელებს ესა თუ ის ორგანიზაცია.
პასუხისმგებლობა დღევანდელობაზე და პასუხისმგებლობა ამ ქვეყანაზე, არის ის რაც ჩვენს ქვეყანას ძალიან პატარას, ძალიან რთულ რეგიონში აძლებინებდა საუკუნეები”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) კურსდამთავრებულებისთვის დიპლომების გადაცემის 23-ე ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი ოჯახის წევრებთან და მრჩევლებთან ერთად დაესწრო.

banner
წინა სტატიაში ჩინეთში რუსული ეკონომიკის ,,მკვლელი,, აღმოაჩინეს
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი დაღუპული მოსწავლის ოჯახს უსამძიმრებს