გიორგი მარგველაშვილი თავის განცხადებებში არასერიოზული იყო – კობახიძე

ის არ იყო მკაცრი, ის იყო არასერიოზული თავის განცხადებაში. არასერიოზულ განცხადებებზე, ბუნებრივია, არ შეიძლება სერიოზული კომენტარის გაკეთება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გიორგი მარგველაშვილის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, სახელმწიფოს მეთაური, რომელიც არის კონსტიტუციის თანახმად რაღაცეების გარანტი, არ შეიძლება ასეთ განცხადებებს აკეთებდეს.

„ამაზე მართლა გული მტკივა მე, როდესაც სახელმწიფოს მეთაური, რომელიც არის კონსტიტუციის თანახმად გარანტი რაღაცეების, გარანტი, მათ შორის კონსტიტუციური სისტემის, თუნდაც სიმბოლურად, მაგრამ მაინც, არ შეიძლება ის ასეთ განცხადებებს აკეთებდეს, შესაბამისად, მე არ მინდა დამატებითი კომენტარების გაკეთება. მე შემიძლია გითხრათ ის, რომ საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა, საპარლამენტო დემოკრატია და ამ სისტემაში ეს არის უცხო ხილი, სამწუხაროდ ჩვენთის. ჩვენ გვიწევდა ცხოვრება საპრეზიდენტო მმართველობის პერიოდებში 90-იანი წლებიდან, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის უცხო მოვლენაა ეს დემოკრატიული პროცესები. საპარლამენტო დემოკრატიაში, საპარლამენტო რესპუბლიკაში მთავრობის ცვლილება არის ნორმალური, ჯანსაღი მოვლენა. ჩვენ, გახსოვთ, რომ ვსაუბრობდით გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. იყო დისკუსიები, მმართველ გუნდში და ზუსტად ამ დისკუსიების შედეგი იყო ის განცახდება, რომელიც გაკეთდა პრემიერ-მინისტრის მხრიდან. ეს არის ჯანსაღი პროცესი, ეს არის ნორმალური პროცესი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, 2012 წლიდან მოყოლებული, გრძელდება ჩვენი ქვეყნის წინსვლა ყველა მიმართულებით.

„დემოკრატიის კუთხით ჩვენ გვაქვს ფუნდამენტური პროგრესი ამ ექვსი წლის განმავლობაში. გახსოვთ რა სიტუაცია იყო 2012 წლამდე და 2012 წლის შემდეგ. ეკონომიკური კუთხით გვაქვს ძალიან სერიოზული მაჩვენებლები. გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე მარალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი რეგიონის მასშტაბით ეკონომიკის თვალსაზრისით. ასევე, სოციალურ მხარეს რაც შეეხება, გახსოვთ რა ცვლილებები განხორციელდა ჯანდაცვის სისტემაში. ზოგადად, სოციალურ სისტემაში. რამდენად გაიზარდა ამ სფეროს დაფინანსება ბიუჯეტიდან და რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, აქაც გვაქვს ფუნდამენტური წინსვლა. ჩვენ გამოვირჩევით სტაბილურობის და უსაფრთხოების მაღალი ხარისხით და ეს ფუნდამენტური წინსვლა განსაკუთრებით საგრძნობია 2008 წლის მოვლენების ფონზე. ყველა მიმართულებით „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის განვითარებას და ეს განვითარება არის უზრუნველყოფილი სხვადასხვა მთავრობის პირობებში”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მთავრობის ცვლილება, არის ნორმალური მოვლენა საპარლამენტო დემოკრატიაში.

„ჩვენ უნდა გავიხედოთ წინ. ჩამოყალიბდება ახალი მთავრობა. დღეს შეიკრიბება საპარლამენტო უმრავლესობა,სადაც გამიხილება ახალი კანდიდატის, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის საკითხი, შესაბამისად, განიხილება ასევე ახალი სამთავრობო გუნდის საკითხი. ჩამოყალიბდება სამთავრობო გუნდი და გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის განვითარება, ჩვენთვის მთავარია, რომ ის მიღწევები, რაც გვაქვს, შევინარჩუნოთ და ის გარკვეული ხარვეზები, რაც იყო გუნდის საქმიანობაში, მთლიანად გამოვასწოროთ. ეს არის ჩვენი ამოცანა და ეს უნდა იყოს უზრუნველყოფილი ახალი სამთავრობო გუნდის პირობებში. ასევე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთის განსაკუთრებული პრიორიტეტია მჭიდრო კომუნიკაციის და თანამშრომლობის არსებობა პარლამენტსა და მთავრობას შორის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ზუსტად ამ სულისკვეთებაზე იქნება აგებული ურთიერთობები პარლამენტსა და ახალ მთავრობას შორის”, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე : ჩემი განწყობაა, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მინისტრთა კაბინეტიდან იყოს
შემდეგი სტატიარიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება გამართლებული არ იქნება – კობახიძე