გიორგი მარგველაშვილი – შეიძლება რომელიმე პოლიტიკოსმა არ გაამართლა, მაგრამ ქვეყანა ვითარდება

ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივიდეს არჩევნებზე, მეტი ადამიანი ჩაერთოს ამ დემოკრატიულ პროცესში, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა დღეს შეკვეთილის საზაფხულო სკოლაში „შენი ხმა ჩვენი მომავლია” კამპანიის მონაწილეებს.

ქვეყნის პირველი პირის თქმით, შეიძლება რომელიმე პოლიტიკოსმა არ გაამართლა, მაგრამ ქვეყანა ვითარდება, ისევე როგორც, შეიძლება რომელიღაც პოლიტიკური პარტია არ მოგწონდეს, მაგრამ არ უნდა თქვა უარი შენს ქვეყანასა და შენი ქვეყნის გაძლიერებაზე.

„თქვენ ამ სკოლებში ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებთ და დარწმუნებული ვარ, რომ პოზიტიური შედეგი აუცილებლად იქნება. თქვენ სწორი დამოკიდებულება უნდა გააჩინოთ ამ პროცესების მიმართ, დაარწმუნოთ მოსახლეობა, რომ მათი მოქალაქეობრივი მოვალეობაა წავიდნენ არჩევნებზე. თქვენ შეიძლება შეგხვდნენ ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ პოლიტიკოსებმა არ გაუმართლეს, რომ დადიოდნენ არჩევნებზე და არაფერი არ იცვლებოდა, იცოდეთ, რომ ეს მიდგომა არასწორია.

შეიძლება რომელიმე პოლიტიკოსმა არ გაამართლა, მაგრამ ქვეყანა ვითარდება. შეიძლება რომელიღაცა პოლიტიკური პარტია არ მოგწონდეს, მაგრამ არ უნდა თქვა უარი შენს ქვეყანაზე და შენი ქვეყნის გაძლიერებაზე და წინსვლაზე.

მთავარია, რომ თქვენ ხართ იმედით, თქვენ თვითონ გჯერათ, რომ ქვეყანა განვითარდება, თქვენ თვითონ ხედავთ საქართველოს მომავალს, თქვენ თვითონ ხართ საქართველოს მომავალი და თქვენ გადაწყვიტეთ, რომ ეს ქვეყნა აამუშაოთ დემოკრატიული პრინციპებით და დემოკრატიული ღირებულებებით.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ვისაც თქვენ გაესაუბრებით შეუცვლით შეხედულებას და დაარწმუნებთ, რომ შეიძლება არ მოსწონდეს ესა თუ ის პოლიტიკოსი, მაგრამ არ შეიძლება არ უყვარდეს ქვეყანა, არ შეიძლება ამ ქვეყნისთვის არ წავიდეს არჩევნებზე”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
პროექტი “შენი ხმა ჩვენი მომავლია” საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად არჩევნებში მონაწილეობისადმი საქართველოს მოსახლეობის ინტერესის გაზრდას ითვალისწინებს.

საქართველოს პრეზიდენტი საზაფხულო სკოლებს უკვე ეწვია ბაზალეთში, ქობულეთში, ამბროლაურში, წყალტუბოში, ანაკლიაში, დაგეგმილია პრეზიდენტის შეხვედრა სიღნაღის საზაფხულო სკოლაშიც.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე ნოდარ ჯავახიშვილზე სკანდალურ ინფორმაციას აქვეყნებს
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძემ ლატვიის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა