გიორგი მარგველაშვილი – საქართველოს გამთლიანება მოხდება არა სამხედრო გზით, არამედ საზოგადოების გაერთიანებით

გიორგი მარგველაშვილი – საქართველოს გამთლიანება მოხდება არა სამხედრო გზით, არამედ საზოგადოების გაერთიანებით

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ახალი კამპანიის “დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ – რესპუბლიკის 100 წელი” ფარგლებში გორში საჯარო ლექცია წაიკითხა.
გორის უნივერსიტეტში შეკრებილ საზოგადოებას და გორის სამხედრო აკადემიის სტუდენტებს კამპანიის მნიშვნელობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებში აქტიური ჩართვისაკენ მოუწოდა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, დღეს ძალიან მძიმე დღეა – საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის დღე. ამ დღეს ჩვენმა მტერმა საქართველოს ერთიანობასა და მრავალფეროვნებას დიდი დარტყმა მიაყენა, თუმცა, არავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი, რომ ჩვენ აღვადგენთ ტერიტორიულ მთლიანობას, აღვადგენთ არა ძალით და სამხედრო გზით, არამედ ერთობით, ამაშია ქართველების ძალა.
გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის ის წინაპირობები გაიხსენა, რომელიც წინ უძღოდა საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნას და დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მიღწევები განიხილა.
მისი განცხადებით, ჩვენმა წინაპრებმა 100 წლის წინ შექმნეს ძალიან მაღალი დემოკრატიული სტანდარტების სახელმწიფო – სადაც დაცული იყო პოლიტიკური ოპოზიციის უფლებები, ქალთა უფლებები, დამოუკიდებელი სასამართლოს უფლებები, და სწორედ, პირველი რესპუბლიკის სამი წლის სულისკვეთებამ გაგვატანინა საბჭოთა ოკუპაციის 70 წლიანი პერიოდი და პირველი რესპუბლიკის აღდგენით დავიწყეთ ახალი დამოკიდებლობის ათვლა.
“მინდა, რომ ჩვენ ერთად ვიყოთ 26 მაისის შემოქმედნი. ერთად ვიყოთ, საზოგადოება ჩაერთოს ამ თარიღის აღნიშვნაში და გაერთიანდეს. საზოგადოებამ გაიაზროს და გაიხსენოს რას ვაკეთებდით. ჩვენ საზოგადოებამ შევქმნათ ერთობლივი ნააზრევი, რომელიც დარჩება ჩვენს მომავალ თაობებს. მე გამოვაცხადებ მოკლე ესეების კონკურსს, რომლებშიც ჩვენ აღვწერთ ჩვენს განცდას, ჩვენს ნააზრევს, იმას, თუ რა ემოციით გადავდივართ დამოუკიდებლობის ახალ ასწლეულში, რა მიზნისკენ უნდა იმოძრაოს საზოგადოებამ და სახელმწიფომ”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ჩვენ 100 წლის წინ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, მაგრამ მიზანი თავისუფალი სახელმწიფოსა და თავისუფალი საზოგადოების მშენებლობაა.
“ეს ფიქრი არ გამოვა წარსულთან მიბრუნების გარეშე – ვინ ვართ და როგორ ვხედავ ჩემს იდენტობას. ამის გარეშე ვერ განვსაზღვრავთ ჩვენს მომავალს, რა ღირებულებებით საზრდოობდა ჩვენი სახელმწიფო, რა სირთულეებს გაუძლო. ჩვენთვის მთავარი და განმსაზღვრელი იყო ის, რომ ჩვენ სახელმწიფო შევქმენით ტოლერანტული ღირებულებების სახელმწიფოდ – ამ ღირებულებებით იყო გაერთიანებული საზოგადოება.

ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელიც მუდმივად ისწრაფოდა საკუთარი სახელმწიფოებრიობის დასახვეწად, ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელმაც ევროპული არჩევანი გააკეთა ჯერ კიდევ, 16 საუკუნის წინ – აირჩია ქრისტიანული რელიგია, მაშინვე გაკეთდა აქცენტი ქრისტიანულ სახელმწიფოებთან კავშირებზე – ეს ნიშნავდა ევროპასთან კავშირს. უნდა გვესმოდეს მათი არჩევანი დღეს, ჩვენი წინაპრების ეს არჩევანი უნდა გავაღრმავოთ, და დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნით უნდა გავაგრძელოთ, რადგან მათ დაიწყეს ეს მოძრაობა პროგრესული იდეებით”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი მტრის მიზანი იმ რწმენის გატეხვაა.
“ყველა პროპაგანდისტული მანქანა იმუშავებს იმისთვის, რომ თქვენ ცოტა მაინც შეეჩვიოთ ამას. ცოტა მაინც თქვათ, რომ “ჰო რას იზამ, ასეა”, – აი ამის თქმა ნიშნავს იმ ტერიტორიის დაკარგვას, ამის თქმა ნიშნავს, ჩვენი სამშობლოს დაკარგვას. არასდროს არ უნდა შევეჩვიოთ ამას და მუდმივად უნდა ვიყოთ ძალიან მძაფრად დაპირისპირებული იმასთან რაც ხდება, და რაც გააკეთეს. სწორედ გორში მინდა ვთქვა, რომ, ჩვენ და ოსებს გვაქვს საერთო მომავალი, ოსები შეადგენდნენ ქართული საზოგადოების შემადგენელ, ძალიან სერიოზულ ძარღვს ჩვენი ერთიანი საზოგადოებრივი სხეულისა, საზოგადოებრივი სივრცისა. არაერთი შერეული ოჯახი, არაერთი ძალიან მამაცი ოსი არსებობდა და არსებობს, რომელიც ერთიანი საქართველოსთვის მოღვაწეობდა. მათ საქართველოს მომავალში აქვთ ძალიან კეთილი და მნიშვნელოვანი სიტყვა სათქმელი. საქართველო ძლიერი იქნება მაშინ, როდესაც გამთლიანდება თანხმობით და არა ომით.
რუსებმა მოახერხეს და დაპირისპირების ინსპირაცია გააკეთეს. მთავარი დარტყმა, რუსეთის პოლიტიკის წინააღმდეგ, მოხდება სწორედ მაშინ, როცა ქართველები და ოსები თავის საერთო წარსულს და გამოცდილებას გაიხსენებენ. იმ საუკუნეებს გაიხსენებენ, როდესაც ჩვენ ერთად ვცხოვრობდით. ეს იქნება პირდაპირი დარტყმა რუსეთის პოლიტიკაზე. თუ გაქვთ ოს თანამემამულესთან ურთიერთობა, თუ რაღაცას გეგმავთ, თუ რაღაცას საუბრობთ, თუ გყავთ საერთო ნათესავები – ეს არის სიძლიერე საქართველოსი,” – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. მისი თქმით, სწორედ ამ სიძლიერეს დაარტყეს ორი დღის წინ, როდესაც ჩვენი თანამებრძოლი მოკლეს ახალგორში.
“ამაზე იყო აქცენტი, იმიტომ რომ იქ იყო უკვე დაწყებული მეგობრობა, რაღაც ერთიანი კომერციული ინტერესები და ამას ურტყამს ხოლმე ყოველთვის რუსი. თქვენი ძალა, თქვენი იარაღი ის ურთიერთობაა, რაც გაქვთ ოსებთან და ეს ურთიერთობა უნდა გაღრმავდეს. ამ ურთიერთობას დაარტყა რუსეთმა 90 -იანებშიც, ამ ურთიერთობას ურტყამდა 2008 წელს, ამ ურთიერთობის პირდაპირი დარტყმაა მავთულხლართები, რასაც აქ აგებენ,” – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტმა გორის უნივერსიტეტში დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა დაათვალიერა, რომელიც კამპანიის მიმდინარეობისას საქართველოს ყველა რეგიონში გამოიფინება.

banner
წინა სტატიაშიქართული სამართლის ბრწყინვალება და სიღატაკე
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა, დროებით უნდა შეჩერდეს