გიორგი მარგველაშვილი: საქართველოს გააჩნია ეკონომიკური განვითარების დრამატული პოტენციალი

საქართველოს გააჩნია ეკონომიკური განვითარების დრამატული პოტენციალი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში, საქართველო-სლოვაკეთის ერთობლივ ბიზნეს ფორუმზე განაცხადა. პრეზიდენტმა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალზე ისაუბრა.

”საქართველოს გააჩნია ეკონომიკური განვითარების დრამატული პოტენციალი. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ერთმანეთს აერთიანებს კასპიისა და შავ ზღვებს. ეს არის ქვეყანა, რომელიც ჩართულია აბრეშუმის გზის პროექტის უმნიშვნელოვანეს ნაწილში. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებთან, თურქეთთან და აწარმოებს მოლაპარაკებებს ჩინეთთან. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც გააჩნია ყველაზე დაბალი საგადასახადო განაკვეთები რეგიონში. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც აქვს ძალიან დაბალი კორუფციის დონე და აგრეთვე, ძალიან მაღალი მაჩვენებლები ბიზნესის დაწყებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც რეგიონში ყველაზე დრამატულად ავითარებს თავის ეკონომიკას. ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც ხალხი არის ძალიან გულგახსნილი, მეგობრული და რომელსაც უყვარს სტუმრები, მეგობრები”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტი მოხარულია, რომ ქართულ-სლოვაკურ პოლიტიკურ და მეგობრულ ურთიერთობებში ტრადიციად იქცა ბიზნესშემადგენელი.

”სლოვაკეთში ვიყავი ქართველ ბიზნესმენებთან ერთად და თქვენც ჩამობრძანდით სლოვაკ ბიზნესმენებთან ერთად. ეს იქნება მშვენიერი დასაწყისი ახალი ძალიან საინტერესო პროექტების, რომლებიც ქართულ ბიზნესს სლოვაკეთში და სლოვაკურ ბიზნესს საქართველოში მისცემს საინტერესო განვითარებას”, – მიმართა ბიზნესფორუმზე საქართველოს პრეზიდენტმა სლოვაკ კოლეგას.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ხუნდაძე: დიდი ალბათობით, ვეტოს დავეთანხმებით და მის დაძლევაზე არ ვიზრუნებთ
შემდეგი სტატიაცნობილი თურქი ექიმი ქართველი ექიმებისთვის კონფერენციას გამართავს