გიორგი მარგველაშვილი: საჭიროა ეროვნული ბანკის შესახებ კანონმდებლობის გადახედვა

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საჭიროა ეროვნული ბანკის შესახებ კანონმდებლობის გადახედვა წამყვანი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ჩართულობით.

“ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობისათვის უმნიშვნელოვანესია კონსტიტუციური ორგანოს – ეროვნული ბანკის როლი. მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტმა განახორციელა ცვლილებები ეროვნული ბანკის შესახებ კანონმდებლობაში, რომელიც მე ვერ გავიზიარე. მალე, ჩვენი განწყობა გაამყარა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ეროვნულ ბანკთან დაკავშირებული ცვლილებების მოქმედების შეჩერებამ. ვფიქრობ, არსებულ ვითარებაში, საჭიროა ეროვნული ბანკის შესახებ კანონმდებლობის გადახედვა წამყვანი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ჩართულობით”, – განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.

მისი თქმით, სახელმწიფოს ეფექტიანი ფუნქციონირება დიდწილად დამოკიდებულია კონსტიტუციური ინსტიტუტების თანამშრომლობაზე.

“ეროვნული უშიშროების საბჭო წარმოადგენს ყველაზე მაღალ და ერთადერთ კონსტიტუციურ, პოლიტიკურ და ინსტიტუციურ ფორმატს, რომელშიც მონაწილეობას იღებს სახელმწიფოს მეთაურიც, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებაც. აღსანიშნავია, რომ ამ დღეებში ამ ინსტიტუტს ოცი წელი შეუსრულდა. საბჭო დემოკრატიული კონტროლის, საფრთხეებზე რეაგირების, პრევენციული მოქმედებების და სტრატეგიული დაგეგმვის შეუცვლელი საკონსტიტუციო სტრუქტურაა. 2015 წელს საბჭოს აპარატმა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს 30-ზე მეტი ანალიტიკური მიმოხილვა მიაწოდა. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნამა წერილით მიმართა შესაბამის უწყებებს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლების თხოვნით. ამის მიზეზი კი განვლილი წლის მანძილზე გართულებული უსაფრთხოების გარემოა”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: “გაზპრომი” არ არის მხოლოდ ენერგეტიკა
შემდეგი სტატიასრულფასოვანი პოლიტიკური ცხოვრების, განსაკუთრებით ჯანსაღი საარჩევნო პროცესის გარანტი არის მედია