გიორგი მარგველაშვილი : ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანები და გამოწვევები, განათლების გაძლიერებით წყდება

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, უმაღლესი სასწავლებლის რექტორებთან, განათლების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროექტები შეაჯამა.

პრეზიდენტის სასახლეში, განათლების საკითხებზე სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროექტების ბროშურის პრეზენტაციაც გაიმართა.

პრეზიდენტმა მზადყოფნა გამოთქვა, არამარტო ფინანსური, არამედ საზოგადოებრივ-პოლიტიკური რესურსი და უნარი, რომელიც პრეზიდენტის ინსტიტუტს გააჩნია, თავიდან ბოლომდე მოახმაროს განათლების მიმართულებით არსებულ მომავალ მიზნებს.

გიორგი მარველაშვილმა შეხვედრაზე განათლებაზე, როგორც სახელმწიფოს პრიორიტეტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანები და გამოწვევები სწორედ განათლების გაძლიერების მეშვეობით წყდება.

პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენლებს, ასევე აკადემიურ საზოგადოებას, აქტიურად ჩაერთონ იმ გეგმების განხორციელებაში, რომელიც ქვეყანას რეალურად წელში გამართვის შესაძლებლობას მისცემს.

„2017 წელი მე განათლების წლად გამოვაცხადე. ამ გადაწყვეტილების შინაარსი მდგომარეობს არა მარტო იმ ღირებულებით კავშირში, რომელიც ჩვენ ყველას გვაქვს განათლების სისტემასთან, არამედ იმ გეგმებში და მიზნებში, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს დასაზოგადოებას გააჩნია.

ჩვენ წინაშე მდგარი ამოცანები და გამოწვევები, რომელიც ჩვენს საზოგადოებას აქვს, ჩემი შეფასებით, უკლებლივ ყველა, სწორედ განათლების გაძლიერების მეშვეობით წყდება.
განათლების გაძლიერების და მისი პრიორიტეტად ქცევის უნარი და შესაძლებლობა არცერთი სახელმწიფო ინსტიტუტის ფარგლებში არ წყდება, ეს არის ყველაზე მეტად აკადემიური საზოგადოების გადასაწყვეტი. შესაბამისად მე ვხედავ ჩვენს საერთო ყრილობას, იმისთვის, რომ ჩვენ ერთად დავგეგმოთ, როგორ ვუპასუხოთ ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს სწორედ განათლების სისტემის გაძლირებით”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო წელს დამოუკიდებლობის 25 წელს ზეიმობს. თავისუფლების განხორციელება კი, შეუძლებელია თუ ამ პროცესში განათლების სისტემა და აკადემიური საზოგადოება არ იქნება ჩართული.

„თუ ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ეკონომიკის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, იმ სირთულეებზე, რომელიც ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით ჩვენს სახელმწიფოს აქვს, აქ ყველაზე სწორი პასუხი სწორედ განათლების სისტემის გაძლიერებაა.

ბევრი პრობლემა წყდება იმით, რომ ჩვენ ადეკვატურად, კვალიფიციურად მოვამზადოთ მუშახელი ქვეყანაში ცვალდებადი ბაზრის ასათვისებლად.
ქვეყანა ეკონომიკურადაც ვერ გაძლიერდება, ვერ იქნება უფრო სტაბილური, თუ ჩვენ მიერ შექმნილი სამეცნიერო და სასწავლო პროდუქტი არ იქნება მართლაც მოწინავე”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია და პრეზიდენტი დიდ ყურადღებას უთმობენ განათლების მიმართულებას, ეს ბუნებრივიცაა, რადგან, როგორც პრეზიდენტი, ასევე ადმინისტრაციის ძირითადი ბირთვი აკადემიური წრეების წარმომადგენლები არიან.

„პროექტები, რომლებიც ჩვენი მხრიდან იყო განხორციელებული, შეეხებოდა, როგორც სამეცნიერო-კვლევით კომპონენტს, სასწავლო კომპონენტს, საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის განვითარებას და მზად ვართ, რომ მომავალ წელს უნივერსიტეტებთან კიდევ უფრო გავაღრმავოთ თანამშრომლობა“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპროკურორი : დაკითხული მოწმეები ნიკა ლომინაძის მკვლელობაში ნიკა ჩემიას და გია გვიჩიანის მონაწილეობას გამორიცხავენ
შემდეგი სტატიაახლადგახსნილი გვირაბით ევროპიდან აზიაში პირველად, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი, ბინალი ილდირიმი და გიორგი კვირიკაშვილი გადავიდნენ