გიორგი მარგველაშვილი : ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობით აღდგება

თქვენ დგახართ იმ ქვეყნის მიწაზე, რომლის 20 პროცენტიც სრულიად უკანონოდ არის ოკუპირებული ჩვენი რუსი მეზობლის მიერ, – ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სწავლება ,,ღირსეული პარტნიორის“ მონაწილეებს.

პრეზიდენტი სიტყვით გამოსვლისას პარტნიორი ქვეყნებიდან სწავლების მონაწილეებს მიესალმა და წვრთნებში მათი მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მივესალმები ჩვენს პარტნიორებს შეერთებული შტატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან, ესტონეთიდან, ლიეტუადან, ლატვიიდან, ნორვეგიიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან.

დღეს ჩვენი ერთად დგომა, ჩვენი მეგობრობა, ჩვენი საერთო მიზნები, რომლებიც მიმართულია მშვიდობის, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, მათი ყოფის დაცვისკენ, არის ის უმნიშვნელოვანესი წვლილი, რომელიც თქვენ შეგაქვთ ჩვენი და თქვენი ქვეყნების სიძლიერეში. ჩვენი მეგობრობა მიმართულია იქითკენ, რომ დავიცვათ მთავარი ღირებულება, ჩვენი ქვეყნების მდგრადობა. ჩვენი საზოგადოებების კეთილდღეობა, სტაბილურობა. პატივცემულო ჯარისკაცებო, თქვენი მონაწილეობა ამ წვრთნებში არის გარანტია იმ სტაბილურობის, იმ მშვიდობის, რომელსაც ჩვენი ხელისუფლებები ემსახურებიან“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მისი თქმით, საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი სრულიად უკანონოდ არის ოკუპირებული რუსეთის მიერ. თუმცა, პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობით აღდგება.

„დღეს ჩვენ აქ ვდგავართ და ქართველ ჯარისკაცებს, რომლებიც აქ თანამებრძოლებთან ერთად დგანან, ზურგს უმაგრებს ის მრავალი გმირობა, რომელიც თქვენმა თანამებრძოლებმა ბრძოლის ველზე ჩაიდინეს. დღეს თქვენ დგახართ იმ ქვეყნის მიწაზე, რომლის 20 პროცენტიც სრულიად უკანონოდ არის ოკუპირებული ჩვენი რუსი მეზობლის მიერ, მაგრამ თქვენ დგახართ იმ მიწაზე და იმ ჯარისკაცების გვერდით, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას მშვიდობით აღიდგენენ და მშვიდობით დაიბრუნებენ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მის თქმით, მან ჯარისკაცებს სამშობლოსთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სწავლებაზე ისინი სამხედრო უნარებს დახვეწენ.

„მივესალმები თქვენს ერთმანეთის გვერდით დგომას, მივესალმები იმას, რომ თქვენ ამ დღეების განმავლობაში დახვეწთ თქვენს სამხედრო უნარებს. ჩვენი მიზანია, რომ ეს საბრძოლო უნარი არასდროს არ იყოს გამოყენებული რეალური ბრძოლის დროს, რომ არ დაიღვაროს არც ერთი ჯარისკაცის სისხლი, მაგრამ ამის საწინდარია თქვენი პროფესიონალიზმი და სიძლიერე. ქართველი ხალხის სახელით მადლობას, გიხდით იმ სამსახურისთვის, რომელსაც სამშობლოს გაუწევთ“, – განაცხდა გიორგი მარგველაშვილმა.

სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“ დღეს დაიწყო.

banner
წინა სტატიაში„ღირსეული პარტნიორის” მონაწილეებს მასპინძლობს ქვეყანა, რომლის ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია, მაგრამ ჩვენი პასუხი არის მხოლოდ მშვიდობა და სტაბილური ქვეყნის მშენებლობა
შემდეგი სტატიაახმეტის მუნიციპალიტეტში მამაკაცს ხე დაეცა