გიორგი მარგველაშვილი: პრეზიდენტი ქართველი ადვოკატების გვერდით დგას, როგორც პიროვნულად, ისე ინსტიტუციური გარანტიებით

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ადვოკატთა პროფესიული საქმიანობის დამოუკიდებლობის, ეთიკურობისა და კვალიფიკაციის შესახებ საერთაშორისო კონფერენცია გახსნა.

გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ადვოკატთა ასოციაციის როლზე ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში, ადვოკატების პროფესიული საქმიანობის მნიშვნელობაზე და იმ პრობლემებზე, რასაც ისინი ყოველდღიურ საქმიანობაში აწყდებიან.
„საქართველოში ადვოკატის პროფესია უაღრესად მნიშვნელოვანია და საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია უაღრესად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენი ქვეყნის განვითარების კონტექსტში.
შეუძლებელია სახელმწიფომ მოახერხოს დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა, თუ ამ სახელმწიფოში დაცული არ არის თითოეული ადამიანის უფლება და ამ ადამიანების უფლების დაცვას, რა თქმა უნდა, ყოველდღიურ ცხოვრებაში ახორციელებს ქვეყნის კონსტიტუციური წყობა, მაგრამ ყოველ ინდივიდუალურ და კონკრეტულ შემთხვევაში ამას ახორციელებთ თქვენ, ის ადამიანები, რომლებიც ძალიან სერიოზულ ტვირთს იღებთ საკუთარ თავზე, იცავთ მეორე ადამიანებს, იცავთ მათ უფლებებს და აძლევთ მათ შესაძლებლობას, ჰქონდეთ იმის შეგრძნება, რომ ისინი სამართლებრივ სახელმწიფოში ცხოვრობენ”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ადვოკატთა კორპუსი და მათი საქმიანობა დღეს ურთულესი გამოწვევის წინაშე დგას და მნიშვნელოვან და ფილოსოფიურად გამართულ კონცეფციაზეა აგებული.
„ეს კონცეფცია, იმის ნათელი ხედვიდან გამომდინარეობს, რომ ამ ქვეყნად არ არსებობს ნათლად თეთრი და ნათლად შავი, არამედ არსებობს რაღაც გარემოებები და მიზეზები, რომელნიც ყველაზე მძიმე დამნაშავესაც კი აძლევს იმის უფლებას, რომ ჰქონდეს საკუთარი სიმართლის მტკიცების და საკუთარი უფლებების დაცვის უფლება. ეს ჩვენი მსოფლმხედველობის ფუნდამენტია, ის რაზეც აიგო თანამედროვე ცივილიზაცია და რაზეც დაფუძნდა თანამედროვე სახელმწიფო”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

„თავისუფალი პროფესიის წარმომადგენლები საზოგადოებაში უნდა იცავდნენ თავისუფალი ადამიანების უფლებებს. პრეზიდენტის ინსტიტუტი აქტიურად თანამშრომლობს ადვოკატთა ასოციციაციასთან; პრეზიდენტი ქართველი ადვოკატების გვერდით დგას, როგორც პიროვნულად, ისე იმ ინსტიტუციური გარანტიებით, რომელზეც დგას ჩვენი კონსტიტუცია, საკანონმდებლო სისტემა.“-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კონფერენციას ქართული და საერთაშორისო ადვოკატთა ასოციაციების ოცდაათზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.
კონფერენციის მონაწილეებმა ადვოკატთა წინაშე მდგარი გამოწვევები განიხილეს.
როგორც კონფერენციაზე აღინიშნა, ადვოკატთა პროფესიული საქმიანობის გაუმჯობესების მეშვეობით შესაძლებელი გახდება მართლმსაჯულების ეფექტიანობისა და სამართლიანობის უზრუნველყოფა.
კონფერენციის ორგანიზატორია საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია. კონფერენციის მხარდამჭერები არიან ევროპის საბჭო, ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP).

banner
წინა სტატიაშიგია ცაგარეიშვილმა: კაბელების საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია
შემდეგი სტატიაკახა მიქაია: სამეგრელოში “ოცნებას” მთლიანად ყოფილი “ნაციონალები” აკონტროლებენ