გიორგი მარგველაშვილი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს გერმანიის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.

გიორგი მარგველაშვილის მისალოც წერილს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„თქვენო აღმატებულებავ, გულითადად მინდა მოგილოცოთ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფედერალურ პრეზიდენტად არჩევა. თქვენმა გამოკვეთილმა ლიდერობამ და ქვეყნის ინტერესების ერთგულად მსახურებამ თქვენ მოგაპოვებინათ გერმანელი ხალხის ნდობის ახალი, სრულიად გამორჩეული და განსაკუთრებულად საპატიო მანდატი, რომელიც კიდევ მეტ შესაძლებლობას იძლევა ახალი სახელმწიფოებრივი წამოწყებების ინიცირებისა და რეალიზაციისათვის. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი პრეზიდენტობა იქნება გამორჩეული როგორც გერმანიის, ასევე ჩვენი საერთო ევროპული კეთილდღეობის წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად, საერთაშორისო თანამშრომლობის გასავითარებლად და გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ჩვენს ქვეყნებს შორის საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული მტკიცე კულტურული, ისტორიული, ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გაღრმავებას. ჩვენს ხალხებს საერთო ღირებულებები აკავშირებს და საქართველო განსაკუთრებით აფასებს იმ წვლილს, რომელსაც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ასრულებს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის განვითარების, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად. კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ მიმდინარე წელი არის საქართველოსა და გერმანიის მეგობრობის წელი, რაც ბრწყინვალე შესაძლებლობას ქმნის ერთობლივად ვიმსჯელოთ თანამშრომლობის სამომავლო ინიციატივებზე. მტკიცედ მწამს, რომ თქვენი ხელმძღვანელობის პერიოდში, ორ ქვეყანას შორის არსებული ისტორიული კავშირები და მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ გაღრმავდება ჩვენი ერების საკეთილდღეოდ. თქვენო აღმატებულებავ, კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ გამარჯვებას, გისურვებთ წარმატებებს თქვენს სამომავლო საქმიანობაში მოძმე გერმანელი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის. ბატონო პრეზიდენტო, კიდევ ერთხელ ნება მიბოძეთ დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა“, – ნათქვამია წერილში.

გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტად აირჩიეს. 61 წლის შტაინმაიერმა ამ თანამდებობაზე 77 წლის იოაჰიმ გაუკი შეცვალა. ყოფილი მინისტრი გერმანიის რიგით მე-12 პრეზიდენტი იქნება. აღნიშნულ პოსტზე კენჭს ხუთი კანდიდატი იყრიდა.

banner
წინა სტატიაშიამბროლაურის მუნიციპალიტეტში შველზე ნადირობის მორიგი ფაქტი გამოავლინეს
შემდეგი სტატიაშაჰინის სკოლაში დღეს სასწავლო პროცესი შეწყდა