გიორგი მარგველაშვილი ფედერიკა მოგერინის შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროკავშირის უმაღლეს კომისარს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინის შეხვდა.

შეხვედრისას საუბარი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობას და ვიზალიბერალიზაციის საკითხებს შეეხო. ასევე განიხილეს წინასაარჩევნო გარემო და ამავე კონტექსტში მხარეებმა სასამართლოსა და მედია დამოუკიდებლობის და კანონის უზენაესობის მნიშვნელობის საკითხებზე იმსჯელეს.

„ქვეყნის ევროპული არჩევანი, არა მარტო რომელიმე პოლიტიკური ჯგუფებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების მისწრაფებაა, არამედ ეს ქართველი ხალხის არჩევანია. ხელისუფლება აქტიურად მუშაობს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაცის საკითხებზე და მჯერა, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში პოზიტიური მიღწევები ექნება“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ევროკომისარ ფედერიკა მოგერინის განცხადებით, საქართველოსათვის ევროინტეგრაციის გზაზე განსაკუთრებით მნიშველოვანია, რომ ქვეყანამ მტკიცედ დააფიქსიროს საკუთარი ევროპული მისწრაფება.

„ვხედავ ამ მიმართულებით პოზიტიურ შედეგებს და რომ პროცესი პოზიტიურად ვითარდება და მიღწევებიც თვალსაჩინოა“, – აღნიშნა ფედერიკა მოგერინიმ.

ფედრიკა მოგერინის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან მჭიდრო – მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს, ეს საქართველოს განსაკუთრებულ როლს სძენს და იგი რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხების განმტკიცების საფუძველია.

ფედერიკა მოგერინიმ საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს განხილვისას ხაზი გაუსვა საქართველოს პრეზიდენტის როლს დაძაბულობის განმუხტვის კუთხით პოლიტიკურ ძალათა შორის დიალოგის წარმართვის პროცესში.

„ვხვდები რამდენად მნიშვნელოვანია, საქართველოს პრეზიდენტის როლი დაძაბულობის განმუხტვის პროცესში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანაში არსებობს პოლიტიკური პოლარიზაციის რისკი. ჩემთვის ცნობილია თქვენი პირადი წვლილი ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა მოგერინიმ.

ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

საქართველოს პრეზიდენტმა ფედერიკა მოგერინის მადლობა გადაუხადა გენდერულ საკითხებზე თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობისათვის.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: მე თუ ვმართავდი სასამართლოს, ასეთი გადაწყვეტილების მიღება არ მომინდებოდა
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: უამრავი უმეცარი განცხადება აქვთ გაკეთებული ევროსაბჭოს, ეუთო-ს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მთავრობამ მათი განცხადებები ყურად არ იღოს