გიორგი მარგველაშვილი : პარტნიორებთან შეხვედრები საინტერესო შესაძლებლობებს იძლევა ჩვენი საერთაშორისო დღის წესრიგის წინ წაწევისთვის

საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ესტონეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე 5 ქვეყნის პირველ პირთან ერთად აღნიშნეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

საზეიმო ღონისძიებებზე ტარტუში იმყოფებიან ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი, ლატვიის პრეზიდენტი- რაიმონდს ვეიონისი, პოლონეთის პრეზიდენტი – ანჯეი დუდა, ფინეთის პრეზიდენტი – საული ნიინისტო, ისლანდიის პრეზიდენტი – გუნდი იოჰანესონი. ტარტუს უნივერსიტეტის მუზეუმში კერსტი კალიულაიდის სახელით ოფიციალური სადილი გაიმართა.

მიღების შემდეგ პრეზიდენტები დაესწრნენ „გაუდეამუსს“, ტრადიციულ ფოლკლორულ სტუდენტურ ფესტივალს, რომელიც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შესული.

საქართველოს პრეზიდენტმა მონაწილეებს და ფესტივალის სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ესტონურ ენაზე მიულოცა ესტონელ ხალს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე.

გიორგი მარგველაშვილმა ესტონეთში სამუშაო ვიზიტიც შეაჯამა, რომლის ფარგლებში მას მოლაპარაკებები ესტონეთის პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან ჰქონდა. განსახილველ საკითხებს შორის მთავარი ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები და ნატოს დაგეგმილი სამიტი იყო. ბრიუსელის სამიტი იყო მთავარი თემა ტარტუში შეკრებილი სახელმწიფოების მეთაურებთან კომუნიკაციის დროსაც.

„ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა ესტონელ მეგობრებთან ერთად, რომლებიც არიან ჩვენი დიდი გულშემატკივრები და ქართული საკითხის ძალიან აქტიურად წამომწევი საერთაშორისო არენაზე, მათთან ერთად გვეზეიმა დამოუკიდებლობის აღდგენის ასი წლისთავი.

ეს ის თარიღია, რომელიც ჩვენ ვიზეიმეთ 26 მაისს ასევე ჩვენს მეგობრებთან ერთად. შემიძლია ვთქვა, რომ ეს შეხვედრები, ერთი მხრივ, არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ერებს შორის ურთიერთობებს აღრმავებს, მაგრამ აგრეთვე გვაძლევს შესაძლებლობებს, კოლეგა პრეზიდენტებთან ვისაუბროთ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს, შემდეგ გადასადგმელ ნაბიჯებზე, იქნება ეს ევროკავშირის თუ ნატოს მიმართულებით.

ასე რომ, როგორც ემოციურად სასიამოვნო შეხვედრებია, იმიტომ რომ ჩვენ ერთად ვზეიმობთ, ასევე ძალიან საინტერესო შესაძლებლობებს იძლევა ჩვენი საერთაშორისო დღის წესრიგის წინ წაწევის თვალსაზრისით,” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, მრავალშვილიანი სამხედრო მოსამსახურის ოჯახს ბინა გადაეცემა
შემდეგი სტატიაქართველმა სამართალდამცავებმა რუსეთის მოქალაქე დააკავეს – რას ედავაბიან 60 წლამდე მამაკაცს