გიორგი მარგველაშვილი ოფიციალური ვიზიტით სლოვენიის რესპუბლიკას ეწვია

სლოვენიის რესპუბლიკაში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედის მაკა ჩიჩუას დახვედრის ოფიციალური ცერემონია ლიუბლიანაში, კონგრესის მოედანზე გაიმართა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს და სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტებმა საქართველოსა და სლოვენიის ჰიმნების შემდეგ სლოვენიის სახელმწიფო დროშას პატივი მიაგეს, რის შემდეგაც პრეზიდენტებმა დელეგაციის წევრები წარადგინეს.

გიორგი მარგველაშვილმა და სლოვენიის პრეზიდენტმა ბორუტ პაჰორმა მაკა ჩიჩუასთან და ტანია პეჩარისთან ერთად საქართველო-სლოვენიის მეგობრობის ნიშნად, თბილისის ქუჩაზე სიმბოლურად, „მეგობრობის სკამი“ გახსნეს.

სლოვენიის პრეზიდენტის სასახლეში კი, გიორგი მარგველაშვილმა და სლოვენიის პრეზიდენტმა სამახსოვო ფოტო გადაიღეს და საჩუქრები გაცვალეს.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის მრჩევლები თენგიზ ფხალაძე, მაია მელიქიძე, ანა დოლიძე, კახა კოჟორიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, საქართველოს ელჩი სლოვენიის რესპუბლიკაში ზურაბ ბექაია, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი პერტაია და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი ნინო ჩიქოვანი.

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი სლოვენიის რესპუბლიკაში 19 ივლისს დასრულდება.

banner
წინა სტატიაშიმინისტრის ყოფილი მოადგილე და სამხედრო პოლიციის უფროსის მოადგილე- ვინ არიან დაჭრილები?
შემდეგი სტატიანიცაში ტერორისტული აქტის დროს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტს ფრანგული მხარე ადასტურებს