გიორგი მარგველაშვილი – ნარკოტიკების გამო ადამიანის ათწლეულობით ციხეში სვამდე, ეს ჩემთვის მიუღებელია

ნარკოტიკების გამო ადამიანის ათწლეულობით ციხეში სვამდე, ეს ჩემთვის მიუღებელია, – ამის შესახებ საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კავკასიის მედიის სკოლის სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, მას შეეძლო ზურგი შეექცია ციხეში ჩასმული ადამიანებისთვის, რისკებზე არ წასულიყო და შეცდომებსაც არ დაუშვებდა.

„ჩვენ ვსაუბრობთ ვითარებაზე, როდესაც როგორც პოლიტიკოსმა მივიღე სისტემა, პენიტენციური სისტემის სახით, რომლის წინააღმდეგაც ვიბრძოდი და რომელიც მჯეროდა, რომ იყო უსამართლო. ბევრი ფაქტი მქონდა ამასთან მიმართებაში – ადამიანები სრულიად უსამართლოდ წლობით და ათწლეულობით მისჯილი სასჯელებით. და რა უნდა გამეკეთებინა როგორც პოლიტიკოსს?! ბუნებრივია, ჩვენ ძალიან აქტიურად დავიწყეთ ასეთი დანაშაულებების შემსუბუქება და ძირითადად ეს ეხებოდა წინა ხელისუფლების დროს არა პოლიტიკურ დევნას, არამედ, სამი ალმატურა მოიპარა, ორი ქათამი და შეკრებითობით თუ განკრებითობით, რაღაც ჯადოებით იჯდა ეს კაცი წლები. ჩვენ დავიწყეთ ამის გამოსწორება. დავუშვით თუ არა შეცდომები? – ერთმნიშვნელოვნად შეცდომები დავუშვით! მაგრამ ეს იყო ის პროცესი, რომელიც მე მორალურად უნდა ამეღო ჩემს თავზე. იმ ადამიანების მიმართ გვქონდა ჩვენ მორალური ვალდებულება, რომლებიც ციხეში იყვნენ ჩასმული. მე არ მიმაჩნდა და არც დღეს არ მიმაჩნია, რომ ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადამიანები უნდა იჯდნენ ციხეში. დამოკიდებულება იყო მორალის კუთხიდან, რომ ამ ადამიანებმა გამოიარეს მძიმე წარსული, ძალიან რეპრესიული მანქანის და ჩვენ ამ ხალხს ვერ დავტოვებდით ამ მდგომარეობაში. მეორე – ნარკოტიკების გამო ადამიანის ათწლეულობით ციხეში სვამდე, ეს ჩემთვის მიუღებელია. ეს რომ არ გამეკეთებინა, შეცდომებსაც არ დავუშვებდი, მაგრამ არ ვიქნებოდი, ჩემი აზრით, წესიერი ადამიანი, რომ ამ ხალხისთვის ზურგი შემექცია და ამ რისკებზე არ წავსულიყავი. რისკებზე, რომელიც ძალიან მძიმედ განვიცადე“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიჰოსპისებში განხორციელებულ სამედიცინო საქმიანობას ამიერიდან კანონი დაარეგულირებს
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ გუნდს მომავალი კვირიდან დააკომპლექტებს