გიორგი მარგველაშვილი: მინდა უთხრა მათ, ვინც ასეთ ვერაგობებს გეგმავს – ამ ბრძოლაშიც გამარჯვებულები გამოვალთ

საქართველოს პრეზიდენტი, შვილთან ანა მარგველაშვილთან ერთად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე არჩილ ტატუნაშვილის დაკრძალვას დაესწრო, ოჯახს მიუსამძიმრა და მის ხსოვნას პატივი მიაგო.
საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული სიმამაცის გამოვლენისათვის, ღირსეული სიცოცხლისა და მოწამეობრივი სიკვდილისთვის არჩილ ტატუნაშვილის ღირსების ორდენით დაჯილდოების გადაწყვეტილება მიიღო.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დღეს ჩვენ ვიხილეთ ოკუპანტის ნამდვილი სახე – ეს არის ადამიანის გამტაცებელი და წამებით მომკვლელი და ვნახეთ, რომ ამ მკვლელობის შემდეგ, კიდევ უფრო მუხანათური გეგმა განხორციელდა, სურდათ ჩვენთვის თითქოს შეურაცხყოფა მოეყენებინათ ცხედრის არგადმოცემით.
“დღეს ჩვენ აქ ვნახეთ საქართველოც, რომელმაც ღირსეული პასუხი გასცა ამ ყველაფერს. ჩვენ ვნახეთ ტრაგედიით არა გახლეჩილი, არამედ გაერთიანებული საზოგადოება. მე მინდა უთხრა მათ, ვინც ასეთ ვერაგობებს გეგმავს ჩვენს წინააღმდეგ: – ჩვენ ეს გაგვივლია და გაგვივლია საუკუნეების განმავლობაში და მზად ვართ ასეთი ბრძოლისთვის, რადგან ყოველთვის გამარჯვებულები გამოვდიოდით და ამ ბრძოლაშიც გამარჯვებულები გამოვალთ.
ღირსეული სიცოცხლისათვის და მოწამეობრივი სიკვდილისთვის არჩილ ტატუნაშვილს ღირსების ორდენით ვაჯილდოვებ”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიარჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს
შემდეგი სტატიასენაკში ველოსიპედით მიმავალ 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა