გიორგი მარგველაშვილი IRI-ის და NDI-ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს IRI-ის და NDI-ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრისას საუბარი მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს, საარჩევნო გარემოს და წინასაარჩევნო პროცესის მიმდინარეობას შეეხო.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკურმა მდივანმა, ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, უმნიშვნელოვანესია ის საქმე, რასაც სადამკვირვებლო მისიები ახორციელებენ არჩევნებამდე პერიოდში და არჩევნების დღეს საქართველოში.

“ასევე, უმნიშვნელოვანესია, რომ მთელმა სახელისუფლებო სტრუქტურამ უზრუნველყოს არჩევნების ნორმალურად, მშვიდობიან, თავისუფალ გარემოში ჩატარება.

ის, რომ ამომრჩეველი მაქსიმალურად ბევრი მივიდეს არჩევნებზე და, რაც მთავარია, 2016 წლის არჩევნები, როგორც ქვეყნის მოსახლეობისთვის, ისე დამკვირვებელთა შეფასებით იყოს დემოკრატიული, სამართლიანი და კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში”, – აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოვალეობის შემსრულებელი ლევან ბოძაშვილი.

banner
წინა სტატიაშისერგი კაპანაძე: ანძა კოპერფილდმა და ენჯელმა გააქრეს, იგივეს გავუკეთებთ შუშის სასახლესაც
შემდეგი სტატიაყაჩაღობა ოზურგეთში – დაჭრილია ერთი ადამიანი