გიორგი მარგველაშვილი იმედოვნებს, რომ არჩევნების მეორე ტური გამჭვირვალედ და მშვიდობიანად ჩატარდება

პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ არჩევნების მეორე ტური ჩატარდება გამჭვირვალედ, მშვიდობიანად და სამართლიანად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ეკა მიშველაძემ აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, მეორე ტური და პრეზიდენტი მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდებს.

„სწორედ ამომრჩევლის ნებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა არჩევნებზე. პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ არჩევნების მეორე ტური ჩატარდება გამჭვირვალედ, მშვიდობიანად და სამართლიანად, ყველა იმ ხარვეზის გარეშე, რომელსაც ადგილი ჰქონდა პირველი ტურის დროს რამდენიმე ოლქში. ჩვენი ინფორმაციით საჩივრების განხილვის პროცესი მიმდინარეობს, და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ფაქტი იყოს გამოძიებული. პრეზიდენტის აზრით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, პასუხი გაეცეს ყველა ეჭვსა და კითხვას რაც გაჩნდა სამოქალაქო საზოგადოებასა და პოლიტიკურ პარტიებში ხმის დათვლის პროცესთან დაკავშირებით. საარჩევნო საკითხების სრულ სიცხადეზე პასუხისმგებელი პირველ რიგში ცენტრალური საარჩევნო კომისიაა”, – განახადა ეკა მიშველაძემ.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია დროულად გამოქვეყნდეს ყველა ოფიციალური მონაცემი, მათ შორის ბათილი ბიულეტენების რაოდენობასთან დაკავშირებით.

“მნიშვნელოვანია, რომ დაინტერსებულ საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია არჩევნების პროცესის ანალიზისთვის და არ მიადგეს ჩრდილი მნიშვნელოვანი არჩევნების სამართლიანობასა და ობიექტურობას. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ბოლო ორი არჩევნების განმავლობაში ბათილი ბიულეტენების თემა, საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების სერიოზულ შეშფოთებას იწვევს”, – განაცხადა მიშველაძემ.

მისი თქმით, ყველა კითხვაზე და ეჭვზე დამაჯერებელი პასუხის გაცემა ცესკო-ს ინტერესებში უნდა იყოს, რადგან ცესკო-ს პასუხიმგებლობა და ვალდებულება არამხოლოდ არჩევნების ჩატარება და შედეგების გამოცხადებაა, არამედ საზოგადოების დროული ინფორმირებაა.

banner
წინა სტატიაშიტრისტან წითელაშვილი: ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის დროს დათა ახალაიამ ერთ-ერთ ახალგაზრდას ესროლა
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი გმობს ძალადობას ტრანსგენდერ მოქალაქეზე