გიორგი მარგველაშვილი – გიორგი კვირიკაშვილი არის ადამიანი, ვისთანაც მუშაობა შეიძლება

margvelashviliმაქვს მოლოდინი, რომ გიორგი კვირიკაშვილთან მიღწეული კონსესუსიდან გამომდინარე, ჩვენ შევძლებთ, საკონსტიტუციო სასამართლო დარჩეს და გააგრძელოს ფუნქციონირება, როგორც ეფექტურმა კონსტიტუციურმა ინსტიტუტმა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტ ლაშა ზარგინავასთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, აქვს იმედი, რომ პარლამენტი „საკონსტიტუციო სასამართლოს“ კანონთან დაკავშირებით მის შენიშვნებს გაითვალისწინებს.

„პრემიერ-მინისტრის განცხადებიდან გამომდინარე, მე ეს მოლოდინი მაქვს. როდესაც იღებდნენ კანონებს საკონსტიტუციო სასამართლოს თაობაზე, თავიდანვე გამოვხატე ჩემი ნეგატიური დამოკიდებულება. შემდეგ, ბუნებრივია, როდესაც მივიღეთ კანონი, ნათლად გამოჩნდა, რომ მიღებული ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციონირებას, ამ უმნიშვნელოვანეს კონსტიტუციურ ინსტიტუტს, არაფუნქციონალურად აქცევს. ბუნებრივია, ჩვენ ჩავრთეთ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე თავად საკონსტიტუციო სასამართლოსაც ვკითხეთ აზრი. ყველაზე მნიშვნელოვნად ჩავრთეთ ვენეციის კომისია. უმოკლეს ვადაში, შვიდ დღეში მოვახერხეთ და მივიღეთ ვენეციის კომისიის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშრებით. აქედან გამომდინარე, ჩვენ დავიწყეთ მსჯელობა. ერთია, როდესაც გაქვს პოზიცია, მეორეა, როდესაც შენ მოტივირებულ შენიშვნას აკეთებ, შენ უნდა კონკრეტული პოზიციები წარადგინო. ამ მსჯელობაში წითელი ხაზები იყო ვენეციის კომისიის პოზიციები. ჩვენ დავდეთ ეს დოკუმენტი და ვთქვით, რომ ვენეციის კომისია რა ჩარჩოებს ამბობს, რომ ეს არის კონსტიტუციური და დემოკრატიული, მოდით, ამ ჩარჩოებს ნუ გადავალთ, არამედ ამ ჩარჩოების შიგნით ვიპოვოთ კონსესუსი. ასეთი კონსესუსი შედგა, პირველ რიგში იქიდან გამომდიონარე, რომ ბატონი კვირიკაშვილი განწყობილია თანამშრომლობისკენ. ის არის ადამიანი, ვისთანაც შეიძლება მუშაობა”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, მას აქვს მოლოდინი, რომ ამ კონსესუსიდან გამომდინარე, ჩვენ შევძლებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დარჩეს და გააგრძელოს ფუნქციონირება, როგორც ეფექტურმა კონსტიტუციურმა ინსტიტუტმა.

“კმაყოფილი ამ ვითარებაში ბოლომდე არავინ არ იქნება. სხვადასხვა პოზიციები ექნებათ პოლიტიკოსებს, არასამთავრობოებს, მაგრამ უმნიშვნელოვანესი არის ის, რომ ჩვენ შევძელით და მივედით კონსესუსამდე და საკონსტიტუციო სასამართლო იქნება ისევე ფუნქციური, როგორც აქამდე იყო. მე მგონია, რომ ჩემ პოზიციას გაიზიარებენ, როგორც პარლამენტი, ისე სხვა პოლიტიკოსებიც”, – აღნიშნა მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ კორცხელის ინციდენტში მონაწილე 6 პირს ბრალი წაუყენა
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი – მოვუწოდებ ყველა პოლიტიკოსს, გაიაზროს, რომ მედიასთან ურთიერთობა არის ძალიან საფრთხილო