გიორგი მარგველაშვილი: ჩვენი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება არანაირად არ არის მიმართული ვინმეს წინააღმდეგ

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კრწანისში “NATO-საქართველოს სწავლება – 2016”-ს დაესწრო, რომელიც NATO – საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში მიმდინარეობს. პრეზიდენტი სწავლების მიმდინარეობას პრემიერთან ერთად გაეცნო.

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში სწავლების ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს სწავლებები, რომლებიც კიდევ უფრო გააძლიერებს და გააღრმავებს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, ემსახურება ასევე გლობალური სტაბილურობის მიზნებს.

„საქართველო, როგორც ქვეყანა, რომელსაც გააჩნია ძალიან ნათელი და მკაფიო ხედვა, როგორც სტაბილურობის, ასევე, უსაფრთხოების თვალსაზრისით, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ არის პასუხისმგებლიანი პარტნიორი. პარტნიორი, რომელსაც გააჩნია უნარი, როგორც საქმით, ასევე პოზიციით დააფიქსიროს თავისი მზადყოფნა გლობალური უსაფრთხოების გასაღრმავებლად. ჩვენ გვინდა, განვამტკიცოთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, იმისათვის, რომ მოვიტანოთ მეტი სიმშვიდე, მეტი სტაბილურობა. ჩვენი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება და გაღრმავება არანაირად არ არის მიმართული ვინმეს წინააღმდეგ, არამედ ერთმნიშვნელოვნად მიმართულია მეტი სტაბილურობისა და სიმშვიდისაკენ. ქართველი ჯარისკაცები ამას წლების განმავლობაში ამტკიცებდენ და ამტკიცებდნენ იმ საერთაშორისო მისიებში, რომელებშიც თანამებრძოლებთან ერთად უზრუნველყოფენ გლობალურ უსაფრთხოებას.

მივესალმები ყველას, ვინც ჩამობრძანდა საქართველოში ერთობლივი სწავლების განსახორციელებლად. ეს ცენტრი სწორედ, მშვიდობისა და სტაბილურობისათვის თანამშრომლობასა და ერთობლივი ნაბიჯების გადადგმის მიზანს ემსახურება“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მრავალეროვნული სწავლება რიგით მეორეა, რომელიც NATO -საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) მიმდინარეობს.

სწავლებაში ქართველ ოფიცრებთან ერთად ალიანსის 11 წევრი – თურქეთი, ლატვია, ლიტვა, ნიდერლანდების სამეფო, რუმინეთი, უნგრეთი, ბულგარეთი, ბელგია, სლოვენია, გაერთიანებული სამეფო, აშშ და 2 პარტნიორი ქვეყნის – უკრაინისა და მაკედონიის 250 სამხედრო მოსამსახურე იღებს მონაწილეობას.

banner
წინა სტატიაშინოდარ ჯავახიშვილი: პრემიერთან არ გაქვთ შეხება? ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის
შემდეგი სტატიაპროკურატურამ გია და ნოდარ გვიჩიანების, ნიკა ჩემიას და ნორა კვიციანის მიმართ გამოტანილი განაჩენების გადახედვის გადაწყვეტილება მიიღო